ეროვნული გამოცდები 2020 – სად ჩატარდება, როგორ და როდის, რა შეცვალა კორონავირუსმა

ახალმა კორონავირუსმა 2020 წელი ძირფესვიანად შეცვალა. ის პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროს შეეხო და ყველა გეგმა თავდაყირა დააყენა.
Sputnik

გამონაკლისი არც განათლების სფერო და გამოცდები აღმოჩნდა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა სწორედ ისაა, თუ როდის და რა ფორმატით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, რადგანაც გამოცდები თითქმის კარსაა მომდგარი და ათასობით აბიტურიენტი კვლავაც გაურკვევლობაშია.

„Sputnik-საქართველო“ შეეცადა მიეღო ამომწურავი პასუხები ყველა იმ მიშვნელოვან კითხვაზე, რაც აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს აინტერესებთ. როგორც განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ამ დროისათვის ყველა რეკომენდაცია ჯერ არ აქვთ და დეტალებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობენ.

ვიდრე ზუსტი რეკომენდაციები გაიწერება, თუ როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, მანამდე ამ დროისთვის ცნობილ ყველა ინფორმაციას მოგაწვდით.

რეკომენდაციების შემუშავება აბიტურიენტებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უკვე დაწყებულია

როდის ჩატარდება?

მაისში განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი შეიძლება შეიცვალოს და გამოცდები ივლისის ნაცვლად აგვისტოში ჩატარდეს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

უსაფრთხოების დაცვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ „Sputnik-საქართველოსთვის“ მოწოდებული ინფორმაციით:

- ერთ საგამოცდო სივრცეში 10 აპლიკანტზე მეტი არ განთავსდება

- აუცილებლად ჩატარდება აბიტურიენტების თერმოსკრინინგი

- მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები

ასევე, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით,

- მაგიდების დაშორება სულ მცირე უნდა იყოს 1,5–2 მეტრი

- აბიტურიენტებს მაგიდებთან არ განათავსებენ ერთმანეთის პირისპირ

დაიწყება თუ არა სკოლებში სწავლა სექტემბერში – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

- თუ აბიტურიენტს ტემპერატურის მომატება დაუფიქსირდება (37 გრადუსი და მეტი), დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, მას გამოცდის ჩაბარების ალტერნატივას შესთავაზებენ, რათა გამოცდა არ გაუცდეს და არ დაიჩაგროს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იგულისხმება ალტერნატიულ შეთავაზებაში. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, შესაძლებელია შეიქმნას იზოლირებული კაბინები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც, შეიძლება, ემოციურ ფონზე დაუფიქსირდეს ტემპერატურის მატება.

- ვენტილაციის უზრუნველყოფა საგამოცდო ოთახში. ოთახებში კონდიცირების სისტემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ არ იქნება თანმდევი ვენტილაცია. 

- საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე არ დაუშვებენ

- საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების მისაღებად გამოიყენებენ ცვლებში მუშაობის რეჟიმს და ყოველი ცვლისას აუცილებელი იქნება სანიტარული შესვენება

- საგამოცდო დარბაზის შესასვლელში უნდა იყოს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი

როდის გახდება ცნობილი ყველა დეტალი ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით

მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ სამინისტროს ექნება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პროტოკოლის მთელი ნუსხა, რომელსაც ივნისში გამოცდების თარიღთან ერთად გაასაჯაროვებს.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ყველა რეკომენდაცია, სავარაუდოდ, 10-15 ივნისს გახდება ცნობილი და დეტალურად გამოქვეყნდება მათ ვებ-გვერდზეც.

მანამდე კი 39300-ზე მეტი აბიტურიენტი გადაწყვეტილების მოლოდინშია.