თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოში შეიქმნება მუდმივმოქმედი სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას შეისწავლის.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და მისმა მოადგილემ პაატა იმნაძემ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის გიორგი კვესიტაძის თქმით, ქართველი მეცნიერები უნდა ჩაერთონ კორონავირუსის სტრუქტურის შესწავლასა და ვირუსის ნეიტრალიზაციის მეთოდების მოძიებაში.
„ჩვენ შეხვედრას ვმართავთ გამოჩენილ ქართველ ექიმებთან, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ უფრო სერიოზული, საფუძვლიანი, ფუნდამენტური მიდგომა (კორონავირუსის კვლევაში). ჩვენ გვინდა შევქმნათ მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს. გვინდა ამ მიმართულებას უფრო მეცნიერული დონე მიეცეს. ეს შესაძლებელია და ჩვენ საამისოდ შესაფერისი ექიმები გვყავს“, – განაცხადა კვესიტაძემ.
ამავე დროს, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მეთოდებზე, რომლებიც ამ დრომდე გამოიყენება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი მიესალმება ქართველი მეცნიერების მზადყოფნას, სამეცნიერო კუთხით შეხედონ მსოფლიოსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გაკეთდა ამ მომენტისთვის. უკვე დაგროვდა საკმაო მასალა, რომლის სამეცნიერო ანალიზიც ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად, სადაც საკმოდ დიდია კვლევითი პოტენციალი, შეიძლება მისი გაანალიზება, რომ უფრო სერიოზულად შევხვდეთ (კორონავირუსის) მეორე და მესამე ტალღას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
3 ივნისისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 (80%) ადამიანი, გარდაიცვალა 13. კარანტინში იმყოფება 2424 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 300. უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.