თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძესა და დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან კობერიძეს საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლო კვირაში გადატანის თხოვნის წერილით მიმართა.
დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით მინისტრი საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით 3 ივნისს უნდა გამოსულიყო, თუმცა ტიკარაძემ მათ მოსმენის მოგვიანებით დანიშვნა სთხოვა.
„პირადად მე და სამინისტროს გუნდი მთლიანად ვაფასებთ კომიტეტის ინტერესსა და ჩართულობას ეპიდემიის გამოწვევებისადმი ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის საკითხებში, მაგრამ ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტს ვთხოვთ სხდომის ივნისის ბოლო კვირისთვის გადატანას“, – ნათქვამია მინისტრის პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში.
ამასთან, ტიკარაძემ ასევე წერილობით გასცა პასუხი იმ კითხვების ნაწილს, რომელიც მას წერილობითი ფორმით გაეგზავნა. ისინი ძირითადად ეხება პანდემიის პერიოდში გეგმურ სამედიცინო სერვისებს, ჰოსპიტალურ სერვისებზე ტარიფებს, სამსახურიდან გათავისუფლებულ სოციალურ აგენტებს და ა.შ.
მინისტრის პარლამენტში დაბარების ერთ-ერთმა ინიციატორმა, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ მანამდე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეკატერინე ტიკარაძე საკომიტეტო მოსმენაზე არ გამოცხადდება, იგი კანონს დაარღვევს.
მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ოთხ ძირითად საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს, მათგან ორი კორონავირუსის პანდემიასთან შექმნილ ვითარებას ეხება, დანარჩენი – სოციალური მუშაკების გათავისუფლებას და 520-ე დადგენილებას, რომლის ფარგლებშიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში ტარიფების ერთიანი სისტემა შემოიღეს.