ეძებეთ ქართველ მეფეთა საგანძური: ლეგენდებით შემონახული ადგილები

საქართველოში სხვადასხვა ადგილზე დამალული საგანძურის შესახებ ყოველთვის არსებობდა ლეგენდები. თითქმის არ დარჩენილა არც ერთი ძველი ხალხური თქმულება, სადაც მინიშნებით მაინც არ ყოფილიყო საუბარი მითიურ ადგილზე, სადაც თითქოს აურაცხელი სიმდიდრე იყო დაფლული.
Sputnik

დღეისათვის სულ რამდენიმე ლოკაციაზე გვაქვს მეტ-ნაკლები ინფორმაცია, სადაც, სავარაუდოდ, განძი უნდა იყოს დაუნჯებული.

ხვამლის (ხომლის) მთა

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ადგილი საქართველოში, კერძოდ, ლეჩხუმში. ეს ქედი უძველესი დროიდან მიიჩნევა მისტიკურად. ბერძნული მითის თანახმად, სწორედ მასზე მიაჯაჭვა ზევსმა პრომეთე. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ხვამლის მთამ სახელგანთქმული მწერლის ჟიულ ვერნის ყურადღებაც კი მიიპყრო, რომელიც ლამის არასდროს გასცილებია პარიზს. რომანში „შეუპოვარი კერაბანი“ ის წერს:

„სწორედ ამ კლდეზე, ხომლზე, რომელიც გადმოჰყურებს ქუთაისს, იყო მიჯაჭვული პრომეთე“.

ამ მთის გულში ხელუხლებელი ქალაქია, რომლამდეც დღემდე ვერავის მიუღწევია და, სავარაუდოდ, იქ უნდა ინახებოდეს მთელი ერის მიერ საუკუნეთა განმავლობაში დაგროვილი განძი.

ჟამთააღმწერლის მიხედვით, როდესაც საქართველოში მონღოლები გაბატონდნენ, „მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად. და განყვნეს სამეფო და საჭურჭლე გარნა ხვამლისა ქვაბსა რომელ ედვა, გამოიღეს და გაიყვეს. უფროსი ქვაბსვე დაუტოვეს, ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივცემული გვრდემლი და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არავის უხილავს".

ანუ ხომლში მეფეთა განძთსაცავი ყოფილა. ხვამლის კლდე მიუდგომელია, ალპინისტებსაც კი უჭირთ მასზე ასვლა და, გამორიცხული არ არის, მართლაც გამოეყენებინათ განძთსაცავად ეს ყველაზე დაფარული და მიუვალი ადგილი...

ფარნავაზის განძი 

ფარნავაზის ფედერაცია, დავითის უნიტარიზმი და ერეკლეს კონფედერაცია – მაგალითები ისტორიიდან

გადმოცემის თანახმად, იბერიელ უფლისწულ ფარნავაზს მცხეთასთან ახლოს ნადირობისას შემოღამებია. ერთი კლდის პირას ჩაუმუხლავს მოსასვენებლად. ღამით კოკისპირული წვიმა მოსულა და იბერიის მომავალ მეფეს თავშესაფრის ძებნა დაუწყია. შორიახლო ქვა-ნაშალისთვის მოუკრავს თვალი — აშკარა იყო, ვიღაცას გამოქვაბული ამოექოლა.

ფარნავაზმა ამოქოლილი ადგილი მოარღვია, გამოქვაბულში შეაღწია და უამრავი ოქრო-ვერცხლი და თვალ-მარგალიტი ნახა. გამთენიისას უფლისწულმა ისევ ამოქოლა კარი და უკან დაბრუნდა.

მან ეს საიდუმლო დებსა და დედას გაანდო, რის შემდეგაც ოჯახის წევრებთან ერთად, ყველასთვის შეუმჩნევლად, ხუთი დღე ეზიდებოდა განძეულს კიდევ უფრო მიუვალ და საიდუმლო ადგილზე.

ახალგაზრდა ფარნავაზმა ამ საგანძურით დაიქირავა ლაშქარი, გადმოიბირა ეგრისის მეფე, დაამხო აზო, დაამარცხა მის დასახმარებლად დაძრული ბერძნული (პონტოს) ჯარი და მცხეთაში გამეფდა.

სამწუხაროდ, განძის როგორც ძველი, ისე ახალი ადგილსამყოფელი უცნობია. მხოლოდ ის ვიცით, რომ ის მცხეთის სიახლოვეს უნდა ყოფილიყო და კიდევ ის, რომ მეფეს განძის მეორე ნაწილის გამოყენება აღარ დასჭირვებია. ასე რომ, ის შესაძლოა კვლავაც ხელუხლებლად იყოს დაფლული რომელიმე მიუვალ ადგილზე მცხეთის მიდამოებში.

არშის ციხე

​ეს დიდი ისტორიის ციხე ყაზბეგში სრულიად გასაიდუმლოებული ყოფილა თავის დროზე. მის შესახებ იცოდა მხოლოდ  მეფემ, მისმა უახლოესმა გარემოცვამ და მოხევეების მცირე ნაწილმა.

არშის ციხე შეუვალი გახლდათ და ერთ ძლიერ გვარს ებარა, რომლებიც ბეთლემში მოღვაწე ბერების შთამომავლები იყვნენ. სწორედ ისინი იცავდნენ მთელი საქართველოს სიწმინდეებსა და განძს.

მტრის შემოსევების დროს მეფეები მთელ ავლადიდებას ამ ციხეში ეზიდებოდნენ საიდუმლო ვითარებაში და იქ მალავდნენ საგანძურს.

არშის ციხე, სავარაუდოდ, საქართველოს კიდევ ერთი დიდი განძთსაცავი, დღეს მიწასთანაა გასწორებული და იქ დავანებული საუნჯის ადგილსამყოფელიც გამოცანად რჩება.

არჩილის განძი

​ისტორიკოსი ჯუანშერი გორს პირველად VIII საუკუნეში არაბების შემოსევის აღწერისას ახსენებს. მისი გადმოცემის თანახმად, სტეფანოზ ერისმთავრის შვილს არჩილს მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი გორში დაუფლავს.  

სხვა ვერსიით, სტეფანოზმა სამეფოს განძი ორად გაყო. ნახევარი ეგრისში წაიღო, რა დროსაც თან იახლა თავისი პირმშო მირი. მეორე ნახევარი კი არჩილს მისცა — უმცროს ძეს.

არჩილს საგანძურის დიდი ნაწილი კახეთში დაუფლავს, უჯარმის ხევში, ხოლო ნაწილი ჯავახეთში იმ მთაზე აუტანია, სადაც მანამდე ჰერაკლე კეისარს გადაუმალავს თავისი საუნჯე, რომლის წაღებაც ვერ მოუხერხებია. ამ მთას ჰქვია ტონთიო, რაც ბერძნულად თურმე ნიშნავს „ოქროს მთას“.

ქართლის საეკლესიო საგანძური არჩილს მცხეთის სიონის საფარველში შეუნახავს და მერე ეგრისში გადასულა.

737 წელს არაბებმა ანაკოფიის ციხესთან მიიმწყვდიეს ერისმთავრის ვაჟები — მირი და არჩილი. მაშინ არჩილმა უფროს ძმას უთხრა სიტყვები, რომლებიც გადამალული განძის არსებობას ამტკიცებს:

„ეს ციხე-ქალაქი მიმწყვდეულია და ასაოხრებლად არის განწირული. თუ ჩვენ შეგვიპყრობენ, გამოგვკითხავენ ყველა დამალული საგანძურის შესახებ, რომელიც დავმალეთ და რომელიც არის ნაშოვნი მირიან და ვახტანგ ღმრთივგანბრძნობილი მეფეებისა და მათი შთამომავლების მიერ, რომლებმაც ჩვენ დაგვბადეს. გამოგვკითხავენ კეისარ ჰერაკლეს მიერ დამალული განძის სამყოფელსაც, რომლის აღწერაც დავდეთ ზურმუხტისა და ძოწეულის იაგუნდის გვირგვინებთან ერთად, რომლებიც ჩვენმა დიდმა წინაპარმა ვახტანგ გორგასალმა გამოიტანა ინდოეთიდან და სინდეთიდან. ისინი ხომ უჯარმაში დავმალეთ, ორ დაუცველ კოშკს შორის, შუა ადგილის მახლობლად. ყველაფერი ეს ჩემს გონებაში მაქვს დამარხული. შენ წაიღე ის ორი გვირგვინი, ოქროსი და ანთრაკისა (ძვირფასი ქვააა), ერთი მირიან მეფისა და ერთი ვახტანგისი, რომელიც სპარსთა მეფემ ვახტანგს აჩუქა ოქროსა და ვერცხლთან ერთად. რომელიც ხუთას სატვირთავ და ორი ათას მკვირცხლ ცხენს აჰკიდეს. შენ და მამაჩვენმა ეს განძი ქუთაისში და ციხე-გოჯში დადეთ. ხოლო მე ჩემი გვირგვინები და ტყვიის გუჯრები სხვაგან შევინახე“.

სამწუხაროდ, არც ამ საგანძურის შემდგომი ბედი არის ცნობილი. სავარაუდოდ, ის მტერს ხელში არ ჩავარდნია. მოგვიანებით, 781 წელს არაბთა სარდალმა ჭიჭუმ ასიმმა წამებით ამოხადა სული არჩილს, მაგრამ გადამალულ განძზე სიტყვაც ვერ დააცდევინა. თუმცა ის რომ ამჟამად ჩვენი ქვეყნისათვის მაინც დაკარგულად მიიჩნევა, ესეც ცხადია.