ექსკლუზიური ინტერვიუ: რა ხდება „საბურთალოს კლასტერის“ სახლში

ჩვენი ინტერვიუს გმირი ნუცუბიძის პლატოზე სწორედ იმ სახლში ცხოვრობს, სადაც 27 მაისს ერთ-ერთ მაცხოვრებელს და მისი ოჯახს წევრებს კორონავირუსი დაუდგინდათ. მათი კონტაქტების წრე იმდენად დიდი იყო, რომ დედაქალაქი შეაშფოთა.
Sputnik

- მე პირადად ამჟამად კარანტინში ვარ, ვინაიდან უშუალო შეხება მქონდა პირთან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა ჩვენს სახლში. ტესტირება ჩამიტარდა და კორონავირუსი არ დამიდასტურდა, მაგრამ რადგან უშუალო კონტაქტი მქონდა, კარანტინში გადამიყვანეს.

- გვითხარით როგორ დაიწყო ყველაფერი...

- 27 მაისს, როგორც კი ჩვენი სახლის ერთ-ერთ მაცხოვრებელს კორონავირუსი დაუდგინდა, კორპუსში მოვიდნენ ეპიდსამსახურის წარმომადგენლები და დაიწყეს ამ ადამიანის ოჯახის წევრებისა და მისი კონტაქტების გამოკვლევა და ტესტირება. როგორც იცით, კორონავირუსი მაშინვე დაუდგინდა, თუ არ ვცდები, 10 ადამიანს და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კორპუსში 22 ოჯახი ცხოვრობს – 80-მდე ადამიანი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა მათგანს შესთავაზეს საკარანტინო ზონაში გადასვლა, თუმცა უმრავლესობამ უარი თქვა და შინ მკაცრ იზოლაციაში, საკუთარ სახლში დარჩენა ამჯობინა.

„საბურთალოს კლასტერი“ შეიძლება გაფართოვდეს

- ეს ნიშნავს, რომ კორპუსის მცხოვრებთა გადაადგილებას პოლიცია აკონტროლებს?

- პოლიცია კი დგას პერიმეტრზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი შინაპატიმრობაში არიან. ჩვენ ყველანი შეგნებული ადამიანები ვართ და ვიცით, რა შეიძლება მოჰყვეს თითოეული ჩვენგანის გაუფრთხილებელ ნაბიჯს.

- კორპუსის თვითიზოლაცია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და, ბუნებრივია, ადამიანებს საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები სჭირდებათ. თუ ხართ საქმის კურსში, როგორ არის გადაწყვეტილი ეს საკითხი?

- საქართველოში უპატრონო არავინაა, ყველას ჰყავს ნათესავები, თუ რამე სჭირდებათ, დარეკავენ და ნათესავები აწვდიან – რა თქმა უნდა, ყველა წესის დაცვით. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველა ოჯახს შესთავაზეს საკარანტინო ზონაში გადასვლა, სადაც ყველა პირობა ექნებოდათ, უფასო სამჯერადი კვების ჩათვლით. მათ უარი თქვეს და ეს მათი არჩევანი იყო. ასევე დღეს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დევნილთა დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ მისული კორპუსში და იზოლაციაში მყოფ თითოეულ ოჯახს მიაწოდეს საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები.

- ყოველდღიურად თუ მიდიან ექიმები და ამოწმებენ ამ ხალხის ჯანმრთელობის მდგომარეობას?

- თავიდანვე აუხსნეს ხალხს ეპიდმუშაკებმა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ – თითოეული მათგანი ყოველდღიურად იზომავს სიცხეს და გაფრთხილებული არიან, რომ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურებს. კიდევ გავიმეორებ, ჩვენ შეგნებული ადამიანები ვართ, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და არ დავუშვებთ, რომ ჩვენ გამო ადამიანები და ქვეყანა დაზარალდეს.