თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ე.წ. საბურთალოს კლასტერთან კონტაქტში მყოფი ოცზე მეტი ადამიანი კარანტინშია მოთავსებული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ამ ჯაჭვის კონტაქტების კვლევა გრძელდება. კარანტინში გადაყვანილი პირები იმ კორპუსთან ახლოს ცხოვრობენ, სადაც ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს ამ დღეებში კორონავირუსი დაუდასტურდა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული მათ სახლში იყო სტუმრად მისული, რამდენიმე ადამიანმა თავად გამოთქვა სურვილი, გადასულიყო საკარანტინო სივრცეში.
ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ეპიდემიოლოგები, ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ინფიცირების საბურთალოს ჯაჭვში უკვე შედის 23 ადამიანი. სულ გამოკვლეულია 120-ზე მეტი კონტაქტი. მათი ნაწილი გადაყვანილია კარანტინში, ხოლო ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება.
პლუს 10: საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება>>
ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის თქმით, ამ დროისათვის სიფრთხილეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან არის იმის ალბათობა, რომ თბილისში „საბურთალოს კლასტერისმაგვარი“ ინფიცირების ახალი კერები ჩამოყალიბდეს.
„შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, საქმე იქამდე არ მივა, რომ ხელახალი იზოლაცია დაგვჭირდეს. ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ჩვენთან ერთად არის და რეკომენდაციები აუცილებლად დავიცვათ. თუ დისტანციას ვერ ვიცავთ, მინიმუმ პირბადე მაინც აუცილებლად გვეკეთოს. გახსოვდეთ – პირბადე გვიცავს“, – განაცხადა ჩოკოშვილმა PalitraNews-ის ეთერში.
საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა.
გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.