როდის იგეგმება საცურაო აუზებისა და ფიტნეს–ცენტრების გახსნა

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საცურაო აუზები და ფიტნეს–დარბაზები კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საკმაო რისკის შემცველია.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საცურაო აუზები და ფიტნეს–დარბაზები ის სივრცეა, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციების შესრულებაა საჭირო, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ რიგი შეზღუდვები დააწესა. შეზღუდვები შეეხო გამაჯანსაღებელ ცენტრებსაც – მარტის ბოლოსთვის მუშაობა შეაჩერა ყველა საცურაო აუზმა, ფიტნეს–დარბაზმა, აიკრძალა მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა. 

რომელი შეზღუდვის მოხსნაა ყველაზე მეტად სარისკო - თენგიზ ცერცვაძის მოსაზრება

ცქიტიშვილის განცხადებით, საცურაო აუზები და ფიტნეს–დარბაზები კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საკმაო რისკის შემცველია. შესაბამისად, აუცილებელია რეკომენდაციების შემუშავება, რომლის დაცვაც ყველა სფეროს მოეთხოვება. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით აღნიშნული ობიექტების გახსნა არ იგეგმება.

„საცურაო აუზები, ფიტნეს–დარბაზები – ეს ის სეგმენტია, რომელიც, საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, ბევრ ქვეყანაში ამ დრომდე დახურულია... უნდა მოხდეს სპეციალური რეკომენდაციების შემუშავება, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ამ ადგილებში ბევრი ადამიანი მოძრაობს, ბევრ ზედაპირს ვეხებით, ამასთან, დამეთანხმებით, რომ დახურულ სივრცეში პირბადით ვარჯიში რთულია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. შესაბამისად, დაიწყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების პარალელურად ქვეყანაში რიგი შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა.

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის განხორციელებაც ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. სპორტთან და დასვენებასთან დაკავშირებული ობიექტების მუშაობის განახლება მხოლოდ მეექვსე ეტაპზე იგეგმება.

დახურულ სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარება აუცილებელი გახდა – აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირები არიან. გარდა ამისა, აუცილებელი მოთხოვნაა სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.