ნგრევა, არეულობა და მასობრივი პროტესტი: რა ხდება აშშ-ში – ფოტო

Sputnik

მინეაპოლისში პოლიციის თანამშრომლების მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას მისი სიკვდილის გამო საპროტესტო აქციებმა მთელი ამერიკა მოიცვა. უკვე მეშვიდე დღეა მომიტინგეები მთელ ქვეყანაში წვავენ მანქანებსა და შენობებს, ძარცვავენ მაღაზიებს. დემონსტრაციები გაიმართა ქვეყნის ბევრ შტატში, ხოლო მომიტინგეებმა სამართლიანობის მოთხოვნით ფედერალური მაგისტრალები გადაკეტეს.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის წინააღმდეგ საპროტესტო მიტინგი მშვიდობიანად დაიწყო, მაგრამ სწრაფად გადაიზარდა შეტაკებებში. მომიტინგეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. ამის საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ღამით ქალაქში ხანძარი ჩნდებოდა სხვადასხვა ადგილზე – აქციის მონაწილეები ცეცხლს უკიდებდნენ მაღაზიებს, მანქანებსა და სახლებს. შტატის გუბერნატორმა ვითარებას უაღრესად საშიში უწოდა და მოსახლეობას შეტაკებების ადგილების დატოვებისკენ მოუწოდა.

შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები 25 მაისს მინესოტაში დაიწყო აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ. დაკავებისას ერთ-ერთმა პოლიციელმა ის წააქცია და კისერზე მუხლი დააბჯინა, რაც თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მამაკაცმა ბევრჯერ გაიმეორა, რომ სუნთქვა არ შეეძლო, შემდეგ კი გონება დაკარგა. ამის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ის რეანიმაციაში გარდაიცვალა. თვითმხილველებმა მოვლენის კადრები გადაიღეს და ინტერნეტში გაავრცელეს, რაც სწრაფად გახდა ვირუსული და საზოგადოებაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია.

ორშაბათს, 1 ივნისს გამოქვეყნდა ოფიციალური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი ყელზე დაჭერის შედეგად ფილტვებისა და გულის ფუნქციების შეჩერება იყო. გარდაცვალების ფაქტს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა.

1 / 15
აშშ-ში პოლიციელის მიერ დაკავების შედეგად გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გამო გამართული საპროტესტო აქცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა
2 / 15
აშშ-ის 75 ქალაქში გრძელდება დემონსტრაციები
3 / 15
პარასკევს ასობით ადამიანმა მოიყარა თავი თეთრ სახლთან, რომელიც გარკვეული დროით ბლოკირებული იყო
4 / 15
მომიტინგეები ფლოიდის გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას მოითხოვდნენ
5 / 15
ატლანტაში ზოგიერთ შენობა მაროდიორებმა დააზიანეს
6 / 15
ასევე დაწვეს პოლიციის მანქანა
7 / 15
პროტესტის შედეგად უკვე დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი, ათასზე მეტმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება
8 / 15
პოლიციამ, ეროვნულმა გვარდიამ და საიდუმლო სამსახურმა დემონსტრანტების ტალღის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
9 / 15
აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში პოლიციელებმა მხარი დაუჭირეს აქციის მონაწილეებს, გვერდით გადადეს ხელკეტები და დამცავი ჩაფხუტები და მუხლი მოიდრიკეს მოძრაობის „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ მხარდასაჭერად
10 / 15
ვაშინგტონში დემონსტრანტებმა დაწვეს რამდენიმე სანაგვე ურნა, ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები და პოლიციას პეტარდები დაუშინეს
11 / 15
ცრემლსადენი გაზის დანახვისას დემონსტრანტები ცოტა ხნით დაიშალნენ
12 / 15
მცირე და მსხვილი ბიზნესის საწარმოებს კვლავ ანგრევენ და უკიდებენ ცეცხლს, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეპატრონეები რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობას სახალხოდ უჭერენ მხარს
13 / 15
პროტესტის ნიშნად მომიტინგეებმა დახიეს ამერიკის დროშა
14 / 15
ამერიკული მედიის მონაცემებით, დაკავებულია ოთხ ათასზე მეტი მომიტინგე
15 / 15
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის თქმით, მიმდინარე არეულობა შიდა ტერორიზმის შეტევაა