მსოფლიო დღეს

ვანდალიზმი გრძელდება – ფლოიდის ძმებმა ამერიკელებს მიმართეს

ამერიკელი დემონსტრანტები ცეცხლს უკიდებენ და ამსხვრევენ სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს, ძარცვავენ მაღაზიებს.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მინეაპოლისში დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ძმებმა, რომელიც პოლიციას შემოაკვდა დაკავებისას, საპროტესტო აქციების მონაწილეებს მიმართეს.

ძმებმა მოუწოდეს ამერიკელებს, იმოქმედონ მშვიდობიანად და თავი გაანებონ ნგრევასა და ძარცვას.

​„მივმართავ მათ, ვინც არეულობას აწყობს: რას აკეთებთ?! ეს ვერანაირად ვერ დამიბრუნებს ძმას“, — განაცხადა ერთ-ერთმა ძმამ ტერენს ფლოიდმა.

დაღუპულის მეორე ძმამ როდნი პეგუმ დემონსტრანტებს ასევე ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

„მე ვითხოვ მშვიდობას ისევე, როგორც ჩემი ძმა მოითხოვდა, ამ სიტუაციას რომ ხედავდეს, აქ რომ იყოს. მშვიდობა და მშვიდობიანი პროტესტები — ეს საუკეთესო ვარიანტია, რითიც სამართლიანობას უნდა მივაღწიოთ“, — აღნიშნა მან.

ურჩ გუბერნატორებს ტრამპი მძიმედ შეიარაღებული არმიის გამოყვანით ემუქრება

საპროტესტო ტალღა, რომელსაც არეულობა, ვანდალური აქტები და პოლიციელებზე თავდასხმები მოჰყვა, აშშ-ის ათობით ქალაქს მოედო. დემონსტრანტები ცეცხლს უკიდებენ და ამსხვრევენ სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს, ძარცვავენ მაღაზიებს. არეულობის მიზეზად იქცა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, რომელიც მინეაპოლისში დაკავებისას პოლიციას შემოაკვდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე მოვლენები „საშინაო ტერორიზმად“ შეაფასა და მძიმედ შეიარაღებული არმიის გამოყვანით დაიმუქრა, თუ შტატების ან ქალაქების ხელისუფლებები უარს იტყვიან მოსახლეობის სიცოცხლისა და ქონების დასაცავად საჭირო ქმედებების განხორციელებაზე.