აქცია ლაგოდეხში: გაუნახევრებენ თუ არა წყლის გადასახადს მოსახლეობას

ლაგოდეხის მოსახლეობა სასმელ წყალს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის იყენებს, ეს კი ძალიან ძვირი დაუჯდებათ, თუკი გადახდა მრიცხველის მიხედვით მიუწევთ
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. ლაგოდეხის მოსახლეობამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. ისინი სასმელი წყლის მრიცხველების დემონტაჟს და ტარიფების დაწევას ითხოვენ.

ანალოგიური მოთხოვნით, ლაგოდეხის მოსახლეობამ გუშინ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალიც გადაკეტა.

მოსახლეობამ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტა

ამიერიდან ლაგოდეხელებს მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა მოუწევთ მრიცხველის მონაცემების მიხედვით, და არა სულადობით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

აქცია ხმაურისა და სიტყვიერი შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მოხდეს მრიცხველების დემონტაჟი და წყლის საფასურის გადახდა ძველი წესით, სულადობით  გაგრძელდეს. მათი განცხადებით,   სარწყავადაც სასმელი წყლის გამოყენება უწევთ და მაღალი გადასახადი მოსდით.

აქციის მონაწილეებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი გრიგოლ მანდარია, ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელები შეხვდნენ.

შეხვედრა დასრულდა შეთანხმებით, რომ 10 დღის განმავლობაში შესაბამისი უწყებები წყლის ტარიფის განახევრების შესახებ იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას ლაგოდეხელებს ადგილზე აცნობებენ.
ლაგოდეხში მალარიის საშიშროებაა? მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ამავე მოთხოვნებით აქცია 29 მაისსაც გაიმართა. ლაგოდეხში სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ორი სათავე ნაგებობა, სამი ახალი ჭაბურღილი და სრულად შეიცვალა 123 კილომეტრიანი წყლის სისტემა. ახალი წყალგაყვანილობის სისტემაზე გადასვლის შემდეგ 3 700 აბონენტს მიეწოდა სასმელი წყალი.

თუმცა მოსახლეობას კვლავ აწუხებს წყლის პრობლემა, ზოგიერთები აცხადებენ, რომ დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდებათ.