თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. რუსეთს შეუძლია დაიწყოს COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის ექსპორტზე გატანა მას შემდეგ, რაც შიდა ბაზრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.
მანამდე რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მოიწონა აღნიშნული ფონდისა და „ხიმრარის“ მიერ დამზადებული COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი „ავიფავირი“. ივნისის დასაწყისში პრეპარატის პირველი პარტია „როსზდრავნადზორს“ გაეგზავნება მიმოქცევაში გასატანად დასკვნისთვის, ხოლო 11 ივნისიდან ქვეყნის საავადმყოფოებს წამლის 60 ათასი კურსი გადაეგზავნება.
„მას შემდეგ, რაც რუსეთის მოთხოვნები დაკმაყოფილდება, მიგვაჩნია, რომ მისი უცხოეთში გატანაც გახდება შესაძლებელი. ბევრი განაცხადი გვაქვს მიღებული ახლო აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. რუსეთს შეუძლია გახდეს აღნიშნული პრეპარატის ექსპორტიორი“, — განაცხადა დმიტრიევმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, რუსეთმა რამდენიმე ვიდეოკონფერენცია გამართა საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან და ქვეყანა დაინტერესდა რუსული პრეპარატით.
„ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან დაინტერესებას საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და მიგვაჩნია, რომ ამ პრეპარატის კუთხით რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის, ასევე სხვა ქვეყნებთან ურთიერთქმედება უკიდურესად პერსპექტიულია“, — აღნიშნა ფონდის ხელმძღვანელმა.
დმიტრიევის თქმით, პატენტის მიღების შემდეგ რუსეთი აპირებს „აბსოლუტურად მთელ მსოფლიოს გაუზიაროს“ მკურნალობის მოდიფიკაცია და სტანდარტები.
„ავიფავირი“ — პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების პირველი რუსული პრეპარატია, რომელმაც თავისი ეფექტურობა კლინიკური ცდებისას დაადასტურა. პრეპარატი საკმაოდ კარგადაა შესწავლილი, ვინაიდან ის იაპონიაში 2014 წლიდან გამოიყენება გრიპის მძიმე ფორმების წინააღმდეგ.
ამასთან, „ავიფავირის“ შუალედური კლინიკური გამოცდები ასევე ადასტურებს მის მაღალეფექტურობას COVID-19-ის წინააღმდეგ. ამ დროისათვის მისი კლინიკური გამოცდების ფინალური ეტაპი მიმდინარეობს, რომელშიც 330 პაციენტი მონაწილეობს.