საქართველოში რესტორნები ამუშავდა – რეკომენდაციები და მოთხოვნები

ორშაბათიდან მუშაობას იწყებენ ღია ტიპის კაფე–რესტორნები, რომლებიც ვალდებული იქნებიან შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოში ორშაბათიდან, 1 ივნისიდან ღია ტიპის რესტორნები და კაფეები იხსნება, ზუსტად ერთ კვირაში, 8 ივნისს კი ყველა ტიპის რესტორნები, კაფეები და ბარები ამუშავდება.

საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, რომლებიც მუშაობას ანახლებენ, რეკომენდაციები გამოაქვეყნა. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს–სექტორთან და მეწარმეებს იმ აუცილებელ რეკომენდაციებს აცნობს, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

საქართველოში მაღაზიები იხსნება: რა წესების დაცვა მოუწევთ „შოპინგის“ მოყვარულებს

კერძოდ, საზკვების ობიექტებში უნდა მოხდეს პერსონალისა და მომხმარებლის თერმო და ვიდეოსკრინინგი, შესასვლელში განთავსებული უნდა იყოს დეზობაროერი.

ყველა დახურული სივრცე, ასევე სათავსოები უნდა განიავდეს არანაკლებ სამი საათის ინტერვალით.

საზკვების ობიექტის პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით – სპეცტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი, ხელთათმანი, პირბადე, ფარი ან სათვალე. ობიექტის ხელმძღვანელობამ ასევე უნდა გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება. 

გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა დაიდგას დახურული კონტეინერები. ხშირად უნდა გაირეცხოს და დეზინფექცია ჩაუტარდეს პროდუქტების დასამუშავებლად განკუთვნილ ზედაპირებს.  

სად აიკრძალება საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება - იმნაძის რეკომენდაცია>>

სტუმრებს უნდა წარედგინოთ ერთჯერადი ან ელექტრონული მენიუ, სასურველია ბარათით ანგარიშსწორება.

რეკომენდაციების თანახმად, საზკვების ობიექტებში უდა გაკონტროლდეს მომხმარებელთა რაოდენობა და სოციალური დისტანციის დაცვა.

საქართველოში რესტორნები 8 ივნისიდან გაიხსნება

კლიენტთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით სალაროსთან დამონტაჟებული უნდა იყოს გამჭვირვალე ბარიერი. საზკვების ობიექტები ასევე ვალდებული არიან კლიენტები ისე მიიღონ, რომ არ მოხდეს ადამიანების თავშეყრა. კერძოდ, სტუმრებმა წინასწარ უნდა დაჯავშნონ ადგილები ან მაგიდის გათავისუფლებას სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დაელოდნონ. 

დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ ორმეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს, ხოლო ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ ექვსი მომხმარებლის განთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდების ერთ მაგიდასთან განთავსება. მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ ერთმეტრიანი დისტანცია.  

რაც შეეხება მოთხოვნებს ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, ამ შემთხვევაშიც მაგიდებისა და სტუმრების განლაგების მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე კვების ობიექტების მსგავსია.

რიგში კაფე-რესტორნებია: როგორ იმუშავებენ საზკვების ობიექტები საქართველოში?>>

საზკვების ობიექტების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.