თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. თუ მისაღები გამოცდების ჩაბარების დღეს აბიტურიენტს ტემპერატურა 37 გრადუსამდე და მეტად აუწევს, მას შესთავაზებენ ალტერნატიულ ვარიანტს, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ ამირან გამყრელიძემ.
„წელს არანაირი ბანკეტები“ – ეპიდემიოლოგები კურსდამთავრებულებს მიმართავენ>>
კორონავირუსის პანდემიის გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების ზუსტი ვადები ჯერ არ არის განსაზღვრული, თუმცა ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ შესაბამის რეკომენდაციებზე.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად მუშაობს რეკომენდაციებზე – რამდენი აბიტურიენტი უნდა იჯდეს დარბაზში, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს, რა მანძილი უნდა იყოს დაცული მათ შორის“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ივლისის შუა რიცხვებში ყველაფერი გამოქვეყნდება.
კითხვას, ხომ არ იგეგმება ერთიანი ეროვნული გამოცდების გადადება, გამყრელიძემ უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია განათლების სამინისტროსა და იმაზე, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იქნება ივნისში.
წელს საერთო ჯამში 39 ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული, 3,6 ათასზე მეტი სტუდენტი, 12,6 ათასზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და აკრედიტაციის მიღების მსურველი 19,6 ათასზე მეტი მასწავლებელი.
2020 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულდა>>
უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო გამოცდა უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი ან გამოყენებითი ხელოვნება ან კიდევ სამოქალაქო განათლება.