თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გააცნო თავისი იდეა G7 სამიტის ჩატარების შესახებ, იუწყება კრემლის პრესსამსახური.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
ტრამპმა აცნობა პუტინს, რომ შეხვედრაზე განიხილება რუსეთის, ავსტრალიის, ინდოეთისა და კორეის რესპუბლიკის ლიდერების მიწვევა.
„განიხილეს ვითარება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე OPEC+ შეთანხმების რეალიზაციის კონტექსტში. ითქვა, რომ ამ მრავალმხრივი შეთანხმების შედეგად, რომელიც მიღებულია რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების აქტიური მხარდაჭერით, ნავთობზე მოთხოვნის თანდათანობით აღდგენა და ფასების სტაბილიზაცია მოხერხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნა რუსულ-ამერიკული დიალოგის აქტივიზაციის მნიშვნელობა სტრატეგიული სტაბილურობისა და სამხედრო სფეროში სანდოობის ზომების კუთხით.
გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა ორივე ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მიღებული ზომების შესახებ. ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ მხარეს ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს მიულოცა 30 მაისს პილოტირებული კოსმოსური ხომალდის - „კრიუ დრეგონის“ წარმატებული გაშვება, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი ასტრონავტები გადაიყვანა. ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, კოსმოსურ სფეროში ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის.
გარდა ამისა, პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ კონტაქტები სხვადასხვა დონეზე გაგრძელდება. თავად საუბარი „კონსტრუქციულ, საქმიან და შინაარსიან ხასიათს“ ატარებდა.