მოსახლეობამ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტა

ლაგოდეხის მოსახლეობა სასმელ წყალს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის იყენებს, ეს კი ძალიან ძვირი დაუჯდებათ, თუკი გადახდა მრიცხველის მიხედვით მიუწევთ
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ლაგოდეხის მოსახლეობამ გადაკეტა საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი, აქციის მონაწილეები უკმაყოფილოები არიან წყლის საფასურის გადახდის ახალი წესებით, იუწყება ქართული მედია.

ამიერიდან ლაგოდეხელებს მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა მოუწევთ მრიცხველის მონაცემების მიხედვით, და არა სულადობით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

ლაგოდეხში მალარიის საშიშროებაა? მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ხოლო იმის გამო, რომ ლაგოდეხში სარწყავი წყალი არ არსებობს, ისინი სასმელ წყალს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის იყენებენ. მრიცხველის მონაცემებით მობინადრეებს, სავარაუდოდ, თვეში დაახლოებით 100 ლარის გადახდა მოუწევთ.

მოსახლეობა მოითხოვს, რომ მოხდეს მრიცხველების დემონტაჟი და წყლის საფასურის გადახდა ძველი წესით გაგრძელდეს. აქციის მონაწილეებს წყალმომარაგების კომპანიის და ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები შეხვდნენ.

ამავე მოთხოვნებით აქცია 29 მაისსაც გაიმართა. ლაგოდეხში სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა მოსახლეობას კვლავ აწუხებს წყლის პრობლემა, ზოგიერთები აცხადებენ, რომ დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ.