საქართველოს რეგიონებში სანოტარო ბიუროები იხსნება

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არსებული იუსტიციის სახლები მოქალაქეებს კვირის სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში მოემსახურება.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. სანოტარო ბიუროები მუშაობას ეტაპობრივად განაახლებენ – 1 ივნისისთვის ქვეყნის მასშტაბით 45 მოქმედი ბიურო უკვე ფუნქციონირებს, განაცხადა ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მისი სიტყვებით, სამშაბათიდან თბილისში კიდევ რვა ბიურო განაახლებს მუშაობას.

„ყველა ის სანოტარო ბიურო, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე წამოვლენ იმისთვის, რომ სივრცეები, სადაც მოქალაქეებს მიიღებენ, პასუხობდეს ჯანდაცვის რეკომენდაციების მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, უმოკლეს ვადაში გაიხსნება“, – განაცხადა წულუკიანმა. 

იუსტიციის სახლებში ონლაინ–რეგისტრაციის გავლისა და პირბადეების გარეშე ვერ მოხვდებით

მინისტრის თქმით, ამ დღეებში რამდენიმე სანოტარო ბიურო გაიხსნა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში. ოფისების გახსნა ასევე იგეგმება იმერეთში, აჭარასა და კახეთში.

ძირითადი მოთხოვნა – ელემენტარული ეპიდემიოლოგიური ნორმების გათვალისწინება და დაცვაა.

გარდა ამისა, დღეიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არსებული იუსტიციის სახლები მოქალაქეებს ორშაბათიდან პარასკევის პერიოდში 09:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურებიან. მოქალაქეები სერვისებით სარგებლობას შეძლებენ ვებ-გვერდზე my.gov.ge ონლაინ-ჩაწერის შემდეგ, ხუთ ენაზე: ქართულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე.

წულუკიანის სიტყვებით, გამორიცხული არაა, რომ იუსტიციის სახლებმა ამ რეჟიმში მუშაობა კორონავირუსის პანდემიის შემდეგაც განაგრძონ.