„უარესი იქნება“ - ნათია თურნავა მშპ-ს კატასტროფული ვარდნის შესახებ საუბრობს

მოსალოდნელი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად საქართველოში საშუალოდ 5%-იანი ვარდნა დაფიქსირდა - კორონავირუსის პანდემიის ფონზე თითქმის ყველა დარგი დაზარალდა
Sputnik

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების კუთხით მძიმე პერიოდი ელის.

თურნავა: საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი >>

კორონავირუსის პანდემიის ფონზე 2020 წლის აპრილში მშპ-ის მოცულობამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,6%-ით დაიკლო. სერიოზული კლება აპრილში დაფიქსირდა ქვეყნის ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროში, ზრდა კი – მხოლოდ სამთომოპოვებით მრეწველობაში.

„აპრილის თვეში 16 პროცენტიანი, უფრო მეტი – 16.6 პროცენტიანი ვარდნა მოსალოდნელი იყო. ამ დროს იყო ზუსტად საგანგებო ვითარება, როდესაც ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად, რათა დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან. თუმცა არ დაგიმალავთ, მაისიც ძალიან მძიმე იქნება და ივნისიც მძიმე იქნება“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ვარდნა წლის ბოლომდე გაგრძელდება, მაგრამ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2021 წლისთვის სიტუაცია გამოსწორდეს. ამასთან ეკონომიკის მინისტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მშპ -5%-მდე დაეცემა.

„მთლიანად წელიწადი არ იქნება სახარბიელო, რადგან მოსალოდნელი 5 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, მივიღებთ საშუალოდ 5 პროცენტიან ვარდნას“, - განაცხადა თურნავამ.

კორონავირუსი ეკონომიკის წინააღმდეგ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. საქართველოში 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 23 მაისამდე გაგრძელდა. ამჟამად შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

როგორ იმოქმედა კორონავირუსმა ფულად გზავნილებზე

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფითი ეკონომიკური ბალანსის პროგნოზს აკეთებენ, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ –4%-მდე შემცირდება.

ყველაზე პესიმისტური, როგორც საქართველოში მიაჩნიათ, არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი, რომლის თანახმად, საქართველოში 2020 წელს მშპ 5,5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს 4%-ს მიაღწევს, ინფლაცია კი 4,6% იქნება.

თუმცა, ამასთან, სსფ-ის პროგნოზი 2021 წლისთვის საკმაოდ ოპტიმისტურია. ფონდის შეფასებით, უკვე 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3%-ით მოიმატებს, ინფლაცია კი 3,7%-მდე შემცირდება.

საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც სსფ-სგან კრიზისის პერიოდში დახმარებას მიიღებს. სსფ დათანხმდა პროგრამა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ გაგრძელებას, რაც ნიშნავს საქართველოსთვის 447 მლნ დოლარის გამოყოფას წლის ბოლომდე.

გარდა ამისა, ზოგიერთი საერთაშორისო დონორი საქართველოს 2020 წლის ბოლომდე ჯამში 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს.