საქართველოს საზღვრებზე მძღოლებს კორონავირუსზე სპეციალურ ვაგონოთახებში გამოიკვლევენ

ამ დროისათვის ქვეყანაში 1500-მდე მძღოლია, რომელიც ახლა თვითიზოლაციაში ან კარანტინშია, მათ ტესტირება ჩაუტარდება
Sputnik

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს ყველა სახმელეთო გადასასვლელზე დაიდგა სპეციალური ვაგონოთახები, სადაც სატვირთო ავტომობილების მძღოლებს კორონავირუსზე ტესტავენ, განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

სახმელეთო გადასასვლელზე სპეციალური ვაგონოთახები 29 მაისიდან ამოქმედდა. საბაჟოს ეპიდემიოლოგებიც გადამზადებულები არიან და მძღოლებს სწრაფ ტესტებს უტარებენ.

გახარია: სატრანზიტო გადაზიდვების მძღოლები ყველაზე მაღალი რისკის შემცველი არიან

„ეს არის ანტისხეულების ტესტი კაპილარულ სისხლში. ასევე ნაცხში სწრაფი ტესტი „კოვიდის“ ანტიგენზე. თუ უარყოფითია შედეგი, შემოვა. ეს ეხება ტრაილერის მძღოლებს, ვინც რჩება საქართველოში. ვინც ტრანზიტით გადის საქართველოში 6-8 საათის განმავლობაში, მას გაჩერების უფლება არ აქვს. მათ აცილებს საპატრულო“, - განაცხადა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ამ დროისათვის ქვეყანაში 1500-მდე მძღოლია, რომელიც ახლა თვითიზოლაციაში ან კარანტინშია. მათი მასობრივი კვლევები უახლოეს დღეებში დაიწყება.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში შემოსულმა ყველა პირმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს და შემდეგ ტესტი ჩააბაროს.

„რვა ინფიცირებიდან, გარდა ორი შემთხვევისა, რომლებიც მძღოლები არიან, დანარჩენი ექვსი არის კარანტინიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოსული. კარანტინი მკაცრია და დარჩება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 746-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.