თურნავა: საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი

სამინისტროს ცნობით, კომპანია სამომავლოდ როგორც წყლის ელექტროგამაცხელებლების წარმოების ზრდას, ისე ახალი მასშტაბური პროექტების დაწყებას გეგმავს
Sputnik

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. შპს „ატლანტიკ საქართველოს" გაფართოების პროცესი ადასტურებს, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ქუთაისში არსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ესტუმრა. თურნავამ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად კომპანია „ატლანტიკ საქართველოში“ მიმდინარე პროცესი დაათვალიერა და მისი სამომავლო გეგმებს გაეცნო.

„ატლანტიკ საქართველო“, რომელიც ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 2017 წლიდან ფუნქციონირებს, ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის Groupe Atlantic-ის შვილობილი კომპანიაა.

Groupe Atlantic მსოფლიოს 73 ქვეყანაში საქმიანობს, საქართველოში ის მთლიანად საექსპორტო ნაწარმს - წყლის ელექტროგამაცხელებლებს აწარმოებს. ინვესტირებულმა კაპიტალმა 2017 წელს 47,1 მლნ ლარი, ხოლო 2018-ში - 26,2 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიას საქართველოში 140-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, გაფართოების შემდეგ კი დასაქმებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„მნიშვნელოვანია, რომ გლობალური კრიზისის მიუხედავად, კომპანია გაფართოებას გეგმავს და თუ დღეს ისინი 140-მდე ადამიანს ასაქმებენ, რამდენიმე თვეში, გაფართოების შემდეგ ჩვენს 200-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებენ - მათ ძალიან კარგი, მიმზიდველი პირობები და ხელფასები აქვთ. ჩვენი სამინისტრო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ საშუალებით ვეხმარებით მათ, რომ ყველა ტექნიკური პრობლემა და საკითხი, რაც არსებობს, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტონ და მალე მოხდეს საწარმოს გაფართოება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

სამინისტროს ცნობით, კომპანია სამომავლოდ  როგორც წყლის ელექტროგამაცხელებლების წარმოების ზრდას, ისე ახალი მასშტაბური პროექტების დაწყებას გეგმავს: სტეატიტის (გამაცხელებელი ელემენტი) წარმოებას, კონვექტორის (რადიატორი) დამზადებასა და კომპანია Bosch-თან თანამშრომლობას. აღნიშნული პროექტების განხორციელების მიზნით კომპანია დამატებით ინვესტირებას განახორციელებს, თანამშრომელთა რიცხვი კი 50 ახალი კადრით გაიზრდება.