საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის იზოლატორში თავი მოიკლა

ქალაქ ალექსანდრუპოლისის პოლიციის განყოფილების იზოლატორში 46 წლის ქართველი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ტრეფიკინგში ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთში დროებითი დაკავების იზოლატორში თავი მოიკლა, იუწყება ქართული მასმედია ბერძნული მედიასაშუალებების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის ქართველი მამაკაცი ქალაქ ალექსანდრუპოლისის პოლიციის განყოფილების იზოლატორში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.