მსოფლიო დღეს

„სპაიდერმენობა“ უნდოდათ: სამი ძმა, რომლებმაც შხამიან ობობას აკბენინეს, ძლივს გადაარჩინეს

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მოუწოდა მშობლებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ შვილების მიმართ, რომლებისთვისაც „ყველაფერი რეალურია, ფილმებიცა და ოცნებებიც“.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. სამი მოზარდი ბიჭი, რომლებმაც შხამიან ობობას სპეციალურად აკბენინეს, ექიმების ძალისხმევით გადარჩა, იუწყება Daily Star.

​გავრცელებული ინფორმაციით, სამმა ბოლივიელმა ძმამ — რვა, ათი და თორმეტი წლის ბიჭუნებმა დაიჯერეს, რომ თუ ობობა „შავი ქვრივი“ უკბენდათ, „სპაიდერმენებად“ გადაიქცეოდნენ, როგორც ეს შესაბამისი სახელწოდების ფილმშია. 

ძმების თქმით, იმისათვის, რომ ობობას ეკბინა (რომელიც, როგორც წესი, უმიზეზოდ არ ესხმის ადამიანებს თავს), შხამიან მწერს ჩხირით აღიზიანებდნენ.

მას შემდეგ, რაც „შავმა ქვრივმა“ ისინი დაკბინა, ბიჭებს მალევე დაეწყოთ კუნთების ტკივილი, სპაზმები მუცლის არეში, გახშირებული გულისცემა და კრუნჩხვები. დედამ ისინი ატირებულები იპოვა და მაშინვე ადგილობრივ პოლიკლინიკაში წაიყვანა.

დაავადების საფრთხე: Johnson & Johnson-ი ბავშვის პუდრის წარმოებას აჩერებს

ექიმებმა ბავშვებს წამლები მისცეს, მაგრამ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 

საბოლოოდ ძმები დედაქალაქ ლა-პასეს ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათი მდგომარეობა უკვე საკმაოდ მძიმე იყო. ექიმებმა ბიჭებს მწერების კბენის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთეს და უკეთესობა მხოლოდ ამის შემდეგღა დაიწყო.

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ვირჯილიო პიეტრომ აღნიშნული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია კორონავირუსისადმი მიძღვნილ პრეკონფერენციაზე გაავრცელა და მოუწოდა მშობლებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ შვილების მიმართ, რომლებისთვისაც „ყველაფერი რეალურია, ფილმებიცა და ოცნებებიც“.