ბიჭოლა ცისფერი პარიკით გამოჩნდა. მან მეგობრის, უკრაინელი პოპ-დივას ახალი სიმღერა შეასრულა და ექსტრავაგანტული იმიჯი მოირგო. „დილა მშვიდობისა“ – ეს წარწერა ვიდეოს თანმხლებია. სახლში დარჩენილი დიზაინერი თავს და „ფოლოვერებს“ ამ ხერხით ართობს. ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა და ე.წ. „ბალიშების“ კოლექციის შემქმნელმა ბიჭოლამ, საქართველოში თავის დამკვიდრებისა და ყურადღების მიპყრობის შემდეგ, უცხოურ მოდის ინდუსტრიაში წარმატებით გადაინაცვლა. დიზაინერი ხშირად აწყობს ელიტურ ღონისძიებებს. ბოლო დროს უკრაინაში ცხოვრობს და მუშაობს. ცოტამ იცის, რომ რამდენიმე წლის წინ დიჯეის პროფესიით დაინტერესდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის მიერ შექმნილ მიქსებს სხვადასხვა კლუბებში უკრავდა. 2013 წელს გამოვიდა მისი დისკი - Summer Mix by Bicholla, რომელმაც მსმენელის და კლუბური ცხოვრების მოყვარულების ინტერესი გამოიწვია.
ბიჭოლა თეთრაძის არაორდინალური იდეები არავის აკვირვებს. რამდენიმე წლის წინ დიზაინერი უკრაინაში გადასახლდა და მას მერე უკრაინელ პოპ-შემსრულებლებს, მსახიობებსა და დიჯეებს დაუმეგობრდა. მათ შორის არის მომღერალი სვეტლანა ლობოდა, რომელიც ცნობილ ეპატაჟურ ჯგუფ „ვიაგრაში“ მღეროდა. ახლა სოლო კარიერა აქვს და ბიჭოლა გასტროლებზე ხშირად თან ახლავს. აღსანიშნავია, რომ ანუკი არეშიძე და ბიჭოლა 2014 წლამდე ერთად მუშაობდნენ, მაგრამ მათ შორის განხეთქილებამ ორი დიზაინერი ერთმანეთს დააშორა. დიზაინერებმა ერთობლივი მაღაზია კიევის ცენტრში გახსნეს, რომელსაც „ანუკი ბიჭოლა“ დაარქვეს. მისმა ხელით შექმნილმა სამოსმა მოწონება დაიმსახურა. უკრაინელი მოდის მოყვარულები ბიჭოლას ჩვენებებს დიდი სიხარულით ესწრებიან. დახვეწილ კაბებს ქართველი და უკრაინელი სუპერმოდელები ირგებენ.
ბიჭოლას, იგივე ანზორ თეთრაძის პოპულარობის გარანტი მხოლოდ პროფესია არ გამხდარა. მისივე არაორდინარული, ექსცენტრიკული ჩაცმულობა, ქცევა, მანერა ხშირად განიხილებოდა. საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება და მოდის მიმდევრების მხრიდან მისი აღიარება მის მიერ შექმნილმა „ბალიშების“ კოლექციამ გამოიწვია. მან სამოსსა თუ აქსესუარებზე დაამაგრა პატარ-პატარა ბალიშები და ერთგვარად სიახლე შეიტანა მოდის ტენდენციებში.