მსოფლიო დღეს

ძაღლი გარდაცვლილ პატრონს სამი თვე ელოდა საავადმყოფოს წინ – ფოტო

​ირკვევა, რომ, როდესაც ძაღლის 70 წლის პატრონი სასწრაფო დახმარებას გადაჰყავდა, ძაღლი მანქანას გაეკიდა და შემდეგ საავადმყოფოს დერეფანში დაიდო ბინა.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ქალაქ უჰანის საავადმყოფო ტაიკანის დერეფანში ძაღლი მთელი სამი თვე ელოდებოდა პატრონს, რომელიც ჰოსპიტალიზაციიდან მეხუთე დღეს გარდაიცვალა COVID-19-ით.

​ირკვევა, რომ როდესაც ძაღლის 70 წლის პატრონი სასწრაფო დახმარებას გადაჰყავდა, ძაღლი მანქანას გაეკიდა და მას შემდეგ საავადმყოფოს დერეფანში დაიდო ბინა. მას სამედიცინო პერსონალი და ახლომდებარე მაღაზიების თანამშრომლები კვებავდნენ და ეფერებოდნენ. სახელიც კი შეარქვეს — სიაო ბაო, რაც „პატარა სასწაულს“ ნიშნავს.

სამწუხაროდ, ზოგი პაციენტის უკმაყოფილების გამო მედპერსონალს დროდადრო ძაღლის დერეფნიდან გაგდება უწევდა ხოლმე, თუმცა სიაო–ბაო ყოველთვის უკან ბრუნდებოდა და ერთგულად ელოდებოდა პატრონს.

ბოლოს მედდებმა ცხოველთა დაცვის ასოციაციას მიმართეს დახმარებისთვის, რომლებმაც „პატარა სასწაული“ თავისთან წაიყვანეს. ძაღლი ვეტერინარებმა შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ ის დაახლოებით შვიდი წლისაა და სრულიად ჯანმრთელია.

ცხოველთა დამცველები უკვე ეძებენ მისთვის ახალ ოჯახს, რომელიც უერთგულეს სიაო–ბაოს სითბოსა და სიყვარულს აჩუქებს.