თბილისში ტრანსპორტი გაძვირდება? კალაძის პასუხი

მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები – იკრძალება კონდიცირების სისტემის ჩართვა, ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. 

„ყვითელი მარშრუტკები“ თბილისის ქუჩებში 29 მაისიდან გამოჩნდება

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო და ავტობუსი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებენ. დღეისათვის თბილისის ავტობუსებსა და მეტროში მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია, ყვითელ მიკროავტობუსებში კი 80 თეთრი.

„მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც იქნება. ავტობუსები ყოველდღიურად სატრანსპორტო ხაზზე გასვლამდე და დღის ბოლოს სადიზენფექციო საშუალებებით დამუშავდება. ჩვენ სპეციალისტების ყველა მოთხოვნას გავითვალისწინებთ. მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელია პირბადეების გამოყენება“, – განაცხადა კალაძემ.

რეკომენდაციების თანახმად, თბილისის ყველა ავტობუსში ფანჯრები ღია უნდა იყოს. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იკრძალება კონდიცირების სისტემის გამოყენება.

პირბადის გარეშე ტრანსპორტში მგზავრები არ დაიშვებიან. მეტროში პროცესს პოლიცია გააკონტროლებს, ავტობუსებში – მონიტორინგის სამსახურის კონდუქტორები, გაჩერებებზე – კონტროლიორები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტიდან კომენდანტის საათი ამოქმედდა, მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მათ შორის მეტრომ. 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.