თბილისი, 27 მაისი - Sputnik. თბილისში სპეციალისტებმა მცირე კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ათას ჯანმრთელ მოქალაქეს შორის ექვსს სისხლში აღმოაჩნდა კორონავირუსის ანტისხეულები, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ეს გამოკვლეულთა საერთო რაოდენობის 0,6%-ია. კვლევა ჩატარდა სწრაფი ტესტების მეშვეობით და არა პსრ-ტესტებით.
„ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ეს ექვსი კაცი არის ავადმყოფი, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან სეროპოზიტიურები, ანუ მათ აქვთ ანტისხეულები“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, მსგავსი კვლევა ჩატარდება მთელ მსოფლიოში, რათა დადგინდეს, რა შეფარდებაა ავადმყოფი ადამიანების რაოდენობასა და სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობას შორის. კვლევა თბილისის ზრდასრულ მოსახლეობას შორის ჩატარდა.
ცერცვაძემ აღნიშნა ასევე, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა გაზრდის რისკებს, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა მოსახლეობა. მისი თქმით, საქართველომ შეძლო ბოლო კვირის განმავლობაში კარგი მდგომარეობის მიღწევა.
შეზღუდვების მოხსნა ორ სარისკო მომენტს შეიცავს - საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტურიზმს, - აღნიშნა ცერცვაძემ. რისკების ზრდა უკავშირდება იმას, როგორ მოიქცევა მოსახლეობა, როგორი თვითშეგნება ექნება და როგორ დაიცავს წესებს, რომლებიც კარანტინის პერიოდში გამოვიმუშავეთ - ესაა ხელების ხშირი დაბანა, პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა.
„ტურისტი რომ შემოვა, ტურისტისგანაც საჭიროა დისტანცირება და ა.შ. როცა გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და, ჩემი აზრით, არ გაიხსნება სრული დატვირთვით, მოხდება შერჩეულ ადგილებზე მგზავრების დასხდომა, ანუ თუ ავტობუსში ჩვეულებრივ დროს მგზავრობდა 50-60 კაცი, ახლა იმგზავრებს ამის მესამედი. ასევე მეტროს სადგურებში“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, მთავრობამ და ექიმებმა უნდა მოიფიქრონ და დანერგონ ის სიახლეები, რომლებიც ტურიზმის გახსნის შემდეგ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. ეპიდემიოლოგს ეჭვი ეპარება, რომ შეზღუდვების გაუქმების შემდეგ ქვეყანა იმავე მდგომარეობას შეინარჩუნებს, როგორიც დღეს აქვს - დღეში ინფიცირების ერთი, მაქსიმუმ, სამი ახალი შემთხვევა.
კითხვას, ნაადრევი ხომ არ არის ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა, ცერცვაძემ მიუგო, რომ ეს აუცილებელია.
„შესაძლოა, ცოტა ნაადრევიც არის, მაგრამ აუცილებელია. ჩვენ ხომ შეზღუდვები მოვხსენით, რათა გავხსნათ ეკონომიკა და დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ცხოვრებას, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე ვერ გავაკეთებთ“, - აღნიშნა მან.
მისი სიტყვებით, საფრანგეთი და გერმანია შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იძულებული იყვნენ, კვლავ დაბრუნებოდნენ ზოგიერთ აკრძალვას, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება კონკრეტულად საქართველოში.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზი 735 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 557 (75,7%) გამოჯანმრთელდა. COVID-19-ს საქართველოში 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ამჟამად COVID-19-ის დიაგნოზით 166 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ქვეყანაში სამჯერ აღემატება ინფიცირებულთა რიცხვს.
კარანტინშია 3 076 ადამიანი, სტაციონარებში - 250. სამი მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდანაა ჩამოყვანილი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოში 29 მაისს ამუშავდება. რესტორნები, კაფე-ბარები - 8 ივნისიდან, ხოლო ღია სივრცეში რესტორნები - 1 ივნისიდან.