ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვს

მოვიდა გადახდის დრო: საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის 3000-ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

რას წერენ ქართული გაზეთები: შეეხება თუ არა ამნისტია საგანგებო მდგომარეობის დამრღვევებს >>

პარტიის მონაცემებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, 7 777 ჯარიმა გამოიწერა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის შეადგენდა 3 ათას ლარს, იურიდიული პირებისთვის – 15 ათას ლარს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის სიტყვებით, გასულ კვირაში მათ შესთავაზეს მთავრობას ამ ჯარიმების ჩამოწერა, თუმცა ამ წინადადებას რეაგირება არ მოჰყოლია, ამიტომ პარტიამ გადაწყვიტა ინიციატივის დარეგისტრირება პარლამენტში კანონპროექტის სახით.

„დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ჯარიმების ჩამოწერას. ჩვენი ამოცანა უახლოეს დღეებში არის ამ კანონპროექტის წარდგენა ბიუროსთვის, შემდეგ კომიტეტებისთვის. უნდა გაიმართოს განხილვა და პარლამენტი, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს, იქნება თუ არა სამართლიანი, რომ ეს ადამიანები აიძულონ, გადაიხადონ ასეთი ჯარიმები“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ჯარიმები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის: რამდენი ადამიანი „გაება მახეში"

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ჯარიმების პრობლემა ყველაზე არაპოპულარულია, თუმცა ამ პრობლემის განხილვა საინტერესო იქნება.

„ჯარიმების პრობლემა ყველაზე არაპოპულარული თემაა – ეს ყველამ იცის. და არ არის გასაკვირი, რომ თუ პოპულიზმი გინდა, საჭიროა სწორედ ამ გზით სიარული, ეს პოლიტიკაში გასაგებია. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვჭირდება ჯარიმების მექანიზმი. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, როგორ იმოქმედებს ეს და როგორი იქნება შედეგები, და არა პოლიტიკურ დივიდენდებზე. ამ საკითხის განხილვა, ბუნებრივია, საინტერესო იქნება“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს სხვადასხვა ადმინისტრაციული დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, 23 მაისიდან ყველა ჯარიმა და საურავი უნდა გადაიხადონ.

საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გადაიდო.