კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში საკარანტინო ზონას უკავშირდება

ქართველი მედიკოსები აცნობიერებენ, რომ კორონავირუსის გადადების რისკის სრულად მოხსნა არ შეუძლიათ, მაგრამ ცდილობენ, რომ ის მინიმუმამდე დაიყვანონ.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა საკარანტინო ზონას უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ინფიცირებულების რაოდენობას სამჯერ და მეტად აღემატება. ამჟამად კლინიკებში, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებს იღებენ, 166 ადამიანი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა>>

„სამი დადასტურებული შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდან არის. ახალი წყარო არ გვაქვს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 34 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია.

COVID-19 საქართველოში: პაციენტების 75%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა

ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა უკვე ათი დღეა არ გამოვლენილა.

მან აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების რისკები ყოველთვის იარსებებს. მაგრამ ის მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.

კითხვაზე, დადგება თუ არა ქვეყანა ახალი რისკების წინაშე ტურიზმის გახსნის შემდეგ, ეზუგბაიამ უპასუხა, რომ წესების დაცვის შემთხვევაში ეს რისკი დიდი არ იქნება.

„რისკებს ვერასდროს მოვხსნით ვერაფერში, მაგრამ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ... რისკი ყოველთვის იქნება, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი რისკი არ იქნება, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ამ სიტუაციის მართვა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ბოჭორშვილის სახელობის თბილისის კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა; ექიმები კიდევ სამი პაციენტის განკურნებას ელოდებიან. ამჟამად კლინიკაში 32 ინფიცირებული პაციენტია, აქედან 11 ბავშვია.

გახარია: ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ორი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს თანმდევი დაავადებების გამო.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის მქონე ხუთი პაციენტი იმყოფება, რეანიმაციულ განყოფლებაში ერთი ადამიანია განთავსებული.

საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით კორონავირუსი 735 ადამიანს დაუდგინდა. აქედან 557 (75,7%) გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12.

კარანტინში იმყოფება 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში – 250. საქართველოს სამი მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან არიან გადმოყვანილი.

კორონვირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.