ცნობილი ქართველი პიანისტი ონლაინ–კონცერტს გამართავს

ონლაინ სოლო–კონცერტზე, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება, გიორგი გიგაშვილი შუმანისა და შოპენის ნაწარმოებებს შეასრულებს.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ერთ-ერთი უნიჭიერესი ქართველი ახალგაზრდა პიანისტი გიორგი გიგაშვილი ოთხშაბათს, 27 მაისს ონლაინ–კონცერტს გამართავს.

კონცერტი ხმის ჩამწერი სტუდიის Leno Sessions პროექტის ფარგლებში გაიმართება, სადაც ქართული სცენის ვარსკვლავები მსმენელებისთვის ონლაინ–კონცერტებს მართავენ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში და ასე ამხნევებენ მათ.

პანდემიის გამო საქართველოში კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალი გადაიდო

„ქვეყანაში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ნორმისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით, დისტანციურად, ონლაინ სტრიმის რეჟიმში შევეცდებით თქვენს გამხნევებას“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიმართვაში.

კონცერტზე, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება, გიორგი გიგაშვილი შუმანისა და შოპენის ნაწარმოებებს შეასრულებს.

ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი „ნიჭიერთა ათწლედის" კურსდამთავრებულია, გაიმარჯვა თბილისის პიანისტთა მეექვსე საერთაშორისო კონკურსში, არის ნიუ-იორკის გერშვინის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პრიზიორი. კონცერტებს მართავს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში.

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა იტალიელები მოხიბლა>>

2019 წლის ბოლოს გიგაშვილი წინანდლის პრესტიჟული პრემიის ლაურეატი გახდა „მუსიკალური ხელოვნების“ ნომინაციაში.