საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები თბილისში ინდოეთიდან ჩამოფრინდებიან

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოს საელჩო ინდოეთის სხვადასხვა შტატში 43 თანამემამულეს დაეხმარა.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ინდოეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „დელი–თბილისი–დელი“ 27 მაისს საქართველოს 15 და აზერბაიჯანის 18 მოქალაქე ჩამოფრინდება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

მოქალაქეების დაბრუნება შესაძლებელი გახდა ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებითა და ინდოეთის მთავრობის ორგანიზების წყალობით, პროგრამის Vande Bharat Mission ფარგლებში. რეისს ინდური ავიაკომპანია Air India ასრულებს.

ბოლო სპეცრეისი: საქართველოს მოქალაქეები რომიდან დაბრუნდნენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დელიში გოას, რაჯასტანისა და მაჰარაშტრას შტატებიდან საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული ავტობუსებით ჩაიყვანეს.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან საქართველოს საელჩომ ინდოეთის სხვადასხვა შტატში 43 თანამოქალაქეს გაუწია სხვადასხვა სახის დახმარება.

„საქართველოსა და ინდოეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით დახმარება გაეწია ინდოეთის სხვადასხვა შტატში მყოფ საქართველოს 43 მოქალაქეს. ინდოეთის მხარესთან კოორდინაციით, საელჩომ ყველა მოქალაქეს ხელი შეუწყო სავიზო პროცედურების მოგვარების საკითხში. გოას შტატში მყოფი საქართველოს ხუთი მოქალაქე საელჩომ უზრუნველყო სასტუმროთი და საკვებით, ორი მოქალაქე საცხოვრებელი ბინით, ხოლო 17 მოქალაქეს ორჯერ გაეგზავნა ცხელი საკვები და საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მარაგი“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

ქართველი ემიგრანტებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის მარტში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოსა და ტაილანდის სამეფოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ინდოეთში საქართველოს საელჩო (აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში) ტაილანდში მყოფ საქართველოს 24 მოქალაქეს დაეხმარა.

ინდოეთში საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნიდერლანდებსა და კატარში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით ტაილანდიდან გამოსვლა აპრილსა და მაისში 17-მა მოქალაქემ შეძლო. გარდა ამისა, საელჩო 23 მოქალაქეს ვიზის გაგრძელებაში დაეხმარა.

„2 მაისს საელჩომ უზრუნველყო ტაილანდის კუნძულ პხუკეტზე ჩარჩენილი საქართველოს 7 მოქალაქის ტრანსპორტირება ქალაქ ბანგკოკამდე, მათი საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყოფა 5 მაისს ტაილანდის დატოვებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა 12 720 მოქალაქეს, ხოლო თითქმის 22 ათას ადამიანს ადგილზე გაეწია დახმარება.