საქართველოში რესტორნები 8 ივნისიდან გაიხსნება

საქართველოში ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფე-ბარები უკვე 1 ივნისიდან გაიხსნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. რესტორნები და კაფე-ბარები, რომლებმაც მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვიტეს, მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხშაბათს გამართული უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აღნიშნული დაწესებულებები მარტის შუა რიცხვებში დაიკეტა.

ღია სივრცის მქონე რესტორნები კი უფრო ადრე – ორშაბათიდან, 1 ივნისიდან გაიხსნება.

„ნებისმიერი ტიპის რესტორანი 8 ივნისიდან მომსახურებას განაახლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რესტორნები სრულფასოვნად შეძლებენ მუშაობას. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების შემოწმებას გაივლიან და ექნებათ კონკრეტული ნებართვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ მოქმედებს.