საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეთა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას განახორციელებს

საქართველოს ხელისუფლების სურვილია მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სამშენებლო სფეროს დახმარება.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. სახელმწიფო გეგმავს იმ მოქალაქეთა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას, რომლებიც ბინის შეძენას წლის ბოლომდე გადაწყვეტენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. 

მსოფლიო ბანკი საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაეხმარება

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დღემდე საქართველოს მთავრობა მხოლოდ იმ პირებს ეხმარებოდა, რომელთაც სამომხმარებლო სესხი ჰქოდათ.

„დღეიდან წლის ბოლომდე სახელმწიფო ყველა იმ ადამიანის იპოთეკური სესხის სუბსიდირებას მოახდენს, რომელიც  გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა გახარიამ.

სუბსიდირების პირობები მთავრობის მეთაურს არ დაუზუსტებია.

ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ სესხების სუბსიდირება იქნება სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ნაწილი.

„ყველაზე სერიოზულ ზარალს მშენებლობა განიცდის. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ დახმარების კონკრეტული გეგმა არა მარტო კომპანიებისთვის, არამედ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს ბინის შეძენა ან ამ პროცესში არიან... ყველა რისკს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს“, – განაცხადა გახარიამ. 

პრემიერის განმარტებით, სახელმწიფო სესხის პირველ შენატანს საკუთარ თავზე აიღებს. პროგრამის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე სამშენებლო სექტორმა დიდი ზარალი განიცადა – გაიზარდა სამშენებლო მასალებზე ფასები, მოქალაქეთა გადახდისუნარიანობა კი შემცირდა. მსხვილი სამშენებლო კომპანიები თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლებას არ გამორიცხავენ.