გახარია: პანდემია საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გახდა

ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია დეპუტატებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გახდა, თუმცა ამ ეტაპზე ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური დეპუტატებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს. ქვეყანის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. 

გახარია: ქვეყანაში კორონავირუსი კონტროლს ექვემდებარება

„ჩვენ დღეს ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი „ქეისები“ (შემთხვევები – რედ.) ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებად ზონებში – ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, ცნობილი კლასტერები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ემიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებარება კონტროლს“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროპის მასშტაბით საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„დღეს ინფექციის გავრცელებით ქვეყანა 143-ე ადგილზეა. ეს არ არის სიამაყის საბაბი და მხოლოდ მთავრობის დამსახურება, არამედ ესაა ბიზნესის და, პირველ რიგში, საზოგადოების დამსახურება. ეს ჩვენ გვაძლევს პანდემიის გაკონტროლების და ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნის შესაძლებლობას“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი მიმდინარეობს.