თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით შესწორებების განხილვა, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება და კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართება, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოსადმი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა.
განხილვის გრაფიკი და სხვა დეტალები ოთხშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მოითხოვდა, საკონსტიტუციო შესწორებების განხილვაში მონაწილეობის მიღებას და მხარდაჭერას არ აპირებს, ვიდრე ხელისუფლება სრულად არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, კერძოდ, არ გაათავისუფლებს „პოლიტპატიმრებს“, რომელთაგან ამჟამად მხოლოდ ერთ პატიმარზეა ლაპარაკი – გიორგი რურუაზე.
„ჩვენ განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგანაც შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდა. დარჩა მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯი – გიორგი რურუას გათავისუფლება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ამას გააკეთებენ, რადგანაც ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლა ძალზე დიდია. ამის შემდგომ ჩვენ დავბრუნდებით პარლამენტში და მონაწილეობას მივიღებთ კენჭისყრაში“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, პოლიტიკური კრიზისისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო შესწორებების თაობაზე შეთანხმების შესაძლო ჩავარდნის ფონზე, მოულოდნელად 15 მაისს ორი მსჯავრდებული – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, რომელთა გათავისუფლებასაც ასევე მოითხოვდა ოპოზიცია.
ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ გიორგი რურუაზე პრეზიდენტის შეწყალება ვერ გავრცელდებოდა, რადგან სასამართლოს მის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუტანია. კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რურუას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, რადგანაც რურუას საკუთარი, ოფიციალურად გაფორმებული ბევრი იარაღის შენახვის უფლება აქვს. თავად რურუამ განაცხადა, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებული მხარეა.
საკონსტიტუციო შესწორებების მისაღებად საჭიროა 112 დეპუტატის ხმა, მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობას კი სულ 93 ხმა აქვს, ამიტომაც მას ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა სჭირდება.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 11 მარტს დარეგისტრირდა. შესწორებების თანახმად, არჩევნების ახალ სისტემაში იცვლება ოლქების რაოდენობა, პარტიების გამსვლელი ბარიერი და პარლამენტში ადგილების გადანაწილების სისტემა.
წარმოდგენილ ვარიანტში 73-ის ნაცვლად 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქია, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი კი 1%. არჩევნების შედეგებით პარტიების ან ბლოკების მიერ მიღებული ადგილების რაოდენობა პარლამენტში დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგად ერთმანდატიან ოლქებში მიღებულ ადგილებზე.
პარტია ან ბლოკი, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, არჩევნების შედეგად მიიღებს იმაზე არაუმეტეს ერთი მეოთხედით მეტ მანდატს, ვიდრე მას პროპორციული არჩევნების შედეგად ეკუთვნის.