საქართველოს პრეზიდენტი: პანდემია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, როგორც დაგეგმილი იყო, 31 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა, ამიტომაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ გადაიდება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

კორონავირუსი და არჩევნები საქართველოში: ხელისუფლებასა და ოპოზიციას წარმატების სჯერა

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა 31 ოქტომბერს დაგეგმილი პარლამენტის არჩევნების ბედი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან გაუქმდა, შესაბამისად, პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო შესწორებების განხილვას იწყებს.

„თავად საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და, ამდენად, შეთანხმებისამებრ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო სიტყვით გამოსვლისას.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოსადმი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დისტანციურ რეჟიმში, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება.

საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მოითხოვდა, საკონსტიტუციო შესწორებების განხილვაში მონაწილეობის მიღებას და შესწორებების მხარდაჭერას არ აპირებს, ვიდრე ხელისუფლება სრულად არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, კერძოდ, არ გაათავისუფლებს „პოლიტპატიმრებს“, რომელთაგან ამჟამად საუბარია მხოლოდ ერთ პატიმარზე – გიორგი რურუაზე. 

2020 წლის არჩევნები: საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო შესწორებების განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო შესწორებების მისაღებად საჭიროა 112 დეპუტატის ხმა, მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობას კი სულ 93 ხმა აქვს, ამიტომაც მას ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა სჭირდება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 11 მარტს დარეგისტრირდა. შესწორებების თანახმად, არჩევნების ახალ სისტემაში იცვლება ოლქების რაოდენობა, პარტიების გამსვლელი ბარიერი და პარლამენტში ადგილების გადანაწილების სისტემა.

წარმოდგენილ ვარიანტში 73-ის ნაცვლად 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქია, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი კი 1%. არჩევნების შედეგებით პარტიების ან ბლოკების მიერ მიღებული ადგილების რაოდენობა პარლამენტში დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგად ერთმანდატიან ოლქებში მიღებულ ადგილებზე.

პარტია ან ბლოკი, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, არჩევნების შედეგად მიიღებს იმაზე არაუმეტეს ერთი მეოთხედით მეტ მანდატს, ვიდრე მას პროპორციული არჩევნების შედეგად ეკუთვნის.