ივნისი თუ ივლისი: კალაძე და გახარია ტრანსპორტის ამუშავების სხვადასხვა თარიღს ასახელებენ

თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და მეტრო დედაქალაქში ივნისის დასაწყისში შეიძლება ამუშავდეს, პრემიერი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების ვადად ივლისის შუა რიცხვებს ასახელებს
Sputnik

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება ივნისის დასაწყისში ამუშავდეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, ჯერ არ არის მითითებები, როგორ და რა პირობებით მოუწევს მუშაობა ქალაქის ტრანსპორტს. მაგრამ როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მერია და შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში იქნებიან, აღნიშნა კალაძემ.

გახარია: ყველაფერი უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღსადგენად

„ზუსტი თარიღი უცნობია. ჩვენ ეგ ინფორმაცია არ გვაქვს. ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დავსვი, რადგან საზოგადოებაში ძალიან დიდი მოთხოვნაა. ველოდებით მითითებებს“, - განმარტა კალაძემ.

მთელ საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტიდანაა შეჩერებული. აღნიშნული შეზღუდვა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესდა.

23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, მოიხსნა მრავალი შეზღუდვა, მათ შორის, კომენდანტის საათი, ავტომობილით სამ კაცზე მეტის გადაადგილებისა და სამზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვა.

თუმცა მთავარი კითხვა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ჯერაც უპასუხოდ რჩება.