თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ბუნებრივი გაზის ფასი ევროპულ ბაზრებზე შესაძლოა ნულს ქვემოთ დაეცეს გადავსებული გაზსაცავების ფონზე, ვარაუდობენ ანალიტიკოსები.
გასულ პარასკევს, 22 მაისს უმსხვილეს ევროპულ ჰაბზე – ნიდერლანდურ TTF–ზე გათხევადებული ბუნებრივი გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 26,4 დოლარი შეადგინა, რაც ამ ჰაბისთვის ისტორიული მინიმუმი იყო.
ბაუმგარტენის ჰაბზე, რომელიც ყველაზე ახლოსაა რუსეთთან, გაზის ფასი 49,7 დოლარამდე დაეცა, ეს მაშინ, როდესაც რუსეთის სასაზღვრო რაიონებში დაახლოებით 60 დოლარს შეადგენდა ათას კუბურ მეტრზე.
პარიზის ინსტიტუტ Sciences Po-ს პროფესორის, გაზის ბაზრის ექსპერტ ტიერი ბროს აზრით, გაზის ფასი, დიდი ალბათობით, უარყოფით მაჩვენებელში გადავა ბრიტანულ NBP-ს ჰაბზე.
ბუნებრივი აირის მოთხოვნაზე მკვეთრი ვარდნა იმ ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამ წარმოშვა. ევროპაში ანომალურად თბილი ზამთრისა და კატარის მხრიდან შეთავაზების გაზრდის გამო ევროპული გაზსაცავები 70%-ით გაივსო, რაც შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე 14%-ით მეტია.
ექსპერტების აზრით, შექმნილი ვითარება პრობლემებით ემუქრება რუსულ „გაზპრომსაც“, ვინაიდან გრძელვადიანი საექპორტო კონტრაქტები ევროპულ სავაჭრო ჰაბებზეა მიბმული. კომპანიამ გაზის ევროკავშირისთვის მიწოდება მარტიდან შეამცირა. ათასი კუბური მეტრი აირის ფასი იმ თვეში 125 დოლარს შეადგენდა, მაგრამ, როგორც ტიერი ბრო ვარაუდობს, ამ ტაქტიკამ შესაძლოა არ გაამართლოს, ვინაიდან ამის პარალელურად იზრდება გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდება კატარიდან.
მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით, რუსულმა საექსპორტო მონოპოლისტმა „გაზპრომმა“, პირველად ისტორიაში, ზარალი ნახა, რამაც 306 მლრდ რუბლი შეადგინა.