თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 26 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინ-ჩვენება გაიმართება.
ფილმები გამოქვეყნდება კინოცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე. ყველა სურათის ბმული აქტიური იქნება დღის განმავლობაში, ასე რომ, თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების გაცნობის მსურველებმა უნდა იჩქარონ.
წამოდგენილი იქნება ფილმები: „8 წუთი“, „ანა”, „ანდრო”, „გაბანა”, „გამოსვლა”, „დაკარგული სოფელი”, „დაცვის პოლიციელი”, „თემო”, „ლეთა”, „ლილე”, „მამა”, „მამული”, „მარქსის ქუჩა 12”, „მეთევზე და გოგონა”, „მექელეხე”, „მზადება”, „ოგასავარა”, „პირველი დღე”, „სამი საფეხური”, „სრულყოფილი შეკვეთა”, „ფრანი”, „ქარის დევნა”, „ღამის მორიგე”, „ცუდი ხალხი”, „ცხოველი”, „ჭა”.
26 მაისის დღესასწაული პირველი დემოკრატიული მთავრობის მიერ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდება. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორ-ნახევარი წელი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. საყოველთაო რეფერენდუმზე დაფუძნებული შესაბამისი აქტი 9 აპრილს ქვეყნის უზენაესმა საბჭომ მიიღო.