პანკისში მკვლელობის გამო დაპირისპირებული გვარების შერიგების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა

დღევანდელ შეხვედრას ადგილობრივებთან ერთად, თბილისიდან ხეობაში ჩასული სპორტსმენები და ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულიც ესწრებოდა
Sputnik

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. პანკისში ორ გვარს შორის შერიგების საკითხზე თითქმის ერთსაათიანი მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოში დაპირისპირება ორ ოჯახს, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის 2019 წლის 27 ნოემბერს დაიწყო. იმ დღეს 37 წლის ვისო მუთოშვილი  მოკლეს, ოთხი პირი კი დაიჭრა. სამართალდამცველებმა  განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი - 1998 წელს დაბადებული არბი ქავთარაშვილი და 1990 წელს დაბადებული რამაზ ხანგოშვილი დააკავეს.

პანკისის ხეობაში მკვლელობის საქმეზე ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

არბი ქავთარაშვილსა და რამაზ ხანგოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ორივე ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს. თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ამ დრომდე გრძელდება.

მუთოშვილები ქავთარაშვილებთან დაზავებაზე ისევ უარს აცხადებენ და საკითხის განხილვას შარიათის კანონით გეგმავენ.

დღევანდელ შეხვედრას ადგილობრივებთან ერთად, თბილისიდან ხეობაში ჩასული სპორტსმენები და ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულიც ესწრებოდა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სამხარაულმა განაცხადა, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, გვარებს შორის დაპირისპირება მშვიდობიანი გზით დასრულდეს.

გვარებს შორის შერიგების მცდელობა რამდენიმე თვის წინაც იყო, რა დროსაც ხეობაში ჩეჩნეთიდან ჩამოსული გავლენიანი პირები იმყოფებოდნენ.