ბიზნეს-ომბუდსმენი - სავაჭრო ცენტრების გახსნა ჯერჯერობით შეუძლებელია

ინსპექტორების ჯგუფი თოთოეულ ობიექტს გახსნამდე შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით რეკომენდაციებს გასცემს.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები სამომხმარებლო მობილობის ყველაზე დიდი გენერატორებია, ამიტომ ამ ეტაპზე მაღალი რისკის გამო მათი გახსნა შეუძლებელია, განაცხადა ბიზნეს-ომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა.

როგორც ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატი იუწყება, მიხეილ დაუშვილი და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდნენ და კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებათა სამუშაო ვერსია განიხილეს.

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი დარჩა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობებისთვის არსებული რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად არის მიმართული.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ინსპექტორების ჯგუფი თოთოეულ ობიექტს გახსნამდე შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით რეკომენდაციებს გასცემს.

„ჩვენ შევთანხმდით ამ სექტორთან სამუშაო ფორმატზე, რათა სრულად მოხდეს ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება და ამ ბიზნესის გახსნამ არ წარმოშვას დამატებითი ეპიდემოლიოგიური რისკები“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის შესახებ სამთავრობო გეგმის მიხედვით, სავაჭრო ცენტრების გახსნა იგეგმება მეოთხე ეტაპზე, დახურული ტიპის ბაზრობების - მეხუთე ეტაპზე.