ეზუგბაია: „საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობას არ მალავს“

საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირების არცერთ შემთხვევას არ მალავს, ხაზგასმით აღნიშნა ეზუგბაიამ
Sputnik

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ქართული მხარე არ მალავს კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადების კომენტირებისას.

საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში >>

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა და ჯანდაცვა საქართველოში განსხვავდება სომხურისგან, თუმცა არა საუკეთესო მხრიდან. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი საკუთარ სტატისტიკას გამჭვირვალედ ავრცელებს.

„ყველა ჩვენი მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი შემთხვევა არ არის. აქ ჩემს აზრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჭეშმარიტება ერთია, ქვეყნაში არის 728 დადასტურებული შემთხვევა. ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა აზრი აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა და დამთავრდა. ამას კომენტარები არ სჭირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 302 შემთხვევა დაფიქსირდა. ექსპერტებმა არაერთხელ გამოთქვეს თვალსაზრისი, რომ მსგავსი სავალალო სიტუაცია უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლებამ დააგვიანა ინფექციის შესაკავებელი ნაბიჯების გადადგმა.

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი დარჩა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

საქართველომ კორონავირუსის ტესტები 2020 წლის 4 თებერვალს მიიღო - ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენამდე 22 დღით ადრე. უკვე 12 თებერვალს კორონავირუსთან საბრძოლველად რეკომენდაციები და პროტოკოლები შემუშავდა. ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო შიდა გადაცემა დაიწყო 22 მარტს, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 54 ადამიანს შეადგენდა.

იმ დროისათვის ქვეყანაში უკვე იყო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი შეზღუდვები დაწესდა.

მაისის ბოლოსთვის ქვეყანაში კორონავირუსის დასადგენად დაახლოებით 46 ათასი ტესტი გაკეთდა, ყოველდღიურად ტესტი 1,6 ათასს უკეთდება.

დღეისათვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოხსნილია, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვების მაინც ძალაში რჩება.