თბილისი, 22 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სამართალდამცველებმა საქართველოს სამ რაიონში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 13 პირი 20 მაისს დააკავეს. საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულია, რომელიც უცხოეთში იმყოფება.
ქურდული გარჩევები და ფული „ქურდული ობშიაკისთვის“: საქართველოში 13 პირი დააკავეს>>
დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, ხოლო ბრალდების მხარე პატიმრობას. მოსამართლემ ბრალდების პოზიცია გაიზიარა, რომ არსებობს ფორმალური საფრთხეები, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
„სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დღეისათვის მოპოვებულია და სასამართლოში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებენ, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული, ქურდული სამყაროს წევრისათვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერა“, – განაცხადა პროკურორმა ირინა ჩოჩიამ.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის ნიკა სადრაძის განცხადებით კი, საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალს.
„ადამიანის დასჯა იმ იდეისთვის, რომელსაც არანაირი დეფინიცია არ გააჩნია, არც სართლებრივი და არც არასამართლებრივი, არის ყოვლად დაუშვებელი. საქმეში არ არის არც არაპირდაპირი მტკიცებულება, არც პირდაპირი მტკიცებულება. რა ინფორმაციაც არის, ეს არის აბსტრაქტული ინფორმაცია“, – განაცხადა სადრაძემ.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მუხლებით – „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა", „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა", „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „ძალადობა“.
დაკავებულებს, რომელთაგან ოთხი წარსულში ნასამართლევია, სამიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.