ბრძოლა COVID-19-თან: აზიის ბანკი საქართველოს 90 მილიონ ევროს გამოუყოფს

AIIB-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი 1 მაისს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ სასესხო შეთანხმების ნაწილია.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს დაახლოებით 91,4 მლნ ევრო გამოუყო, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველომ და AIIB-მ ხელი მოაწერეს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტზე სასესხო შეთანხმებას. შეთანხმების მიზანია პანდემიით გამოწვეული საფრთხეების გამოვლენა, თავიდან აცილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერება. 

ანტიკრიზისული გეგმა მზადაა – საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური რესურსი მოხმარდება ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდას, კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ასევე COVID-19-ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით.

პროექტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ AIIB-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი მსოფლიო ბანკთან 1 მაისს გაფორმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ სასესხო შეთანხმების ანალოგიურია, რომლითაც მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ აშშ დოლარი გამოუყო. AIIB შეუერთდა ამ შეთანხმებას.

AIIB-სთან შეთანხმება იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის გაგრძელებას, რაც წლის ბოლომდე საქართველოსთვის 447 მლნ დოლარის გამოყოფას ნიშნავს. გარდა ამისა, რიგი საერთაშორისო დონორები საქართველოსთვის 2020 წლის ბოლომდე გამოყოფენ 1,5 მლრდ დოლარს.