შსს „კანონიერ ქურდზე“ ძებნას გამოაცხადებს

საზღვარგარეთ მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტს სხვადასხვა ფინანსური დავის მოსაგვარებლად საქართველოდან უკავშირდებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ მცხოვრებ 46 წლის  ქართველ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წაუყენა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოში სხვადასხვა ფინანსურ დავებს წყვეტდა. კერძოდ, სწორედ მას უკავშირდებოდა ამ კვირაში დაკავებული „ქურდული სამყაროს“ 13 წევრი, რომლებიც ერთ-ერთ ბიზნესმენს თანხას სძალავდნენ და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდნენ. პოლიციამ დამნაშავეთა დაკავება იმერეთში, შიდა ქართლსა და აჭარაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად შეძლო.

კრიმინალურ ავტორიტეტზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება იგეგმება.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და „ქურდული გარჩევების“ გზით მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ, ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომელიც დავებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებდა. 

ქურდული გარჩევები და ფული „ქურდული ობშიაკისთვის“: საქართველოში 13 პირი დააკავეს

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის რამდენიმე მუხლით: „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა", „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა", „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „ძალადობა“, რაც 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-მ კანონმდებლობა 2018 წლის აპრილში გაამკაცრა. მას შემდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი, რომელიც „ქურდული სამყაროს“ წევრობის ან მასთან კავშირისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

კერძოდ, „ქურდული სამყაროს“ წევრობასთან და „კანონიერი ქურდის“ სტატუსთან ერთად დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, დავის მოგვარების მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა. აღნიშნული დანაშაულები 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.