პრემიერმა განმარტა შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ძალაში რჩება

მთავრობის აზრით, დაწესებული შეზღუდვები ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაუარესდეს.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა იძულებულია საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ რიგი შეზღუდვები შეინარჩუნოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარასკევს. 

შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის შემდეგ: პარლამენტში ცხარე კამათი გაიმართა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან უქმდება – პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული შეზღუდვები თბილისის დროით 00:00 საათიდან მოიხსნება. ამასთან, პარლამენტი უკვე განიხილავს საკითხს, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე 15 ივლისამდე შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს. კანონმდებლებმა შესაბამისი კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღეს.

„ჩვენ იძულებული ვართ შევინარჩუნოთ აკრძალვები და შეზღუდვები, მაგალითად, გარკვეულ ეკონომიკურ მოღვაწეობაზე, საზოგადოებრივ და მუნიციპალურ ტრანსპორტზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, საზღვრების კონტროლზე“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია, თუ რა დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას აღნიშნული შეზღუდვები.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მოვალეობაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაგრამ ამის გაკეთება ისე უნდა მოხდეს, რომ ადამიანებმა შეძლონ ეკონომიკური საქმიანობის ფრთხილად დაწყება და ოჯახების შენახვა. ამასთან, მთავრობას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაგრძელების ვალდებულება აქვს“, – განაცხადა გახარიამ. 

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: პრემიერი დეპუტატების წინაშე 27 მაისს წარდგება

პრემიერ-მინისტრმა ყურადღების მიღმა არ დატოვა პარლამენტში კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა. პოლიტიკური ოპონენტები მასში დიქტატურის დაწყებისა და მთავრობისთვის ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით უფლების მინიჭების ნიშნებს ხედავენ. ოპოზიცია ახალი კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

„გუშინ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ პოლიტიკური მასკარადის სახით გაიხსნა ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელმაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მთავრობისთვის ყველა ეტაპზე პრიორიტეტული ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა და ვერავინ შეძლებს იმ შეზღუდვებისთვის ხელის შეშლას, რომლებიც ადამიანებზე ზრუნვისთვისაა აუცილებელი“, – განაცხადა გახარიამ.

რა იქნება საგანგებო მდგომარეობის შემდეგ

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, 15 ივლისამდე მთავრობა შეძლებს პარლამენტის თანხმობის გარეშე აუცილებელი საკარანტინო ღონისძიებები გაატაროს.

ცვლილებები მთავრობას უფლებას აძლევს მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული წესებით დროებით დაარეგულიროს სახელმწიფო უწყებების საქმიანობის საკითხები, ასევე მოქალაქეების გადაადგილების, საკუთრების, შრომითი, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლებები, აგრეთვე ხალხის შეკრების უფლება სოციალური და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის არის აუცილებელი.