ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი: რუხის საავადმყოფოდან პაციენტი თბილისში გადმოიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის თბილისში გადაყვანის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. რუხის მულტიფუნქციური საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული ერთი პაციენტი გადაიყვანეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

ასაკოვანი ქალი ე.წ. ტრაილერის მღოლის კლასტერს მიეკუთვნება, რომელსაც ვირუსი გასულ კვირაში დაუდგინდა.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაციენტის თბილისში გადაყვანის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. 

ზუგდიდში ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი ფართოვდება

„დამატებითი კვლევებია საჭირო. პაციენტის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებში მკვეთრი ცვლილებები დაფიქსირდა, საჭიროა მკურნალობაში დამატებითი ჩარევა, რაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის გაცილებით იოლად მოგვარებადია“, - განაცხადეს კლინიკაში.

ამ დროისთვის რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში 29 პაციენტიდან კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი მკურნალობს. ერთ-ერთი ინფიცირებული არასრულწლოვანია.

„არასრულწოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა - სტაბილური. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობა გეგმურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

ნიკა ლატარია