პრემიერმა უმუშევრობის კომპენსაციის დროულად გაცემის ბრძანება გასცა

ამ დროისათვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 78 ათასი პირის შესახებ ინფორმაცია არის შესული
Sputnik

თბილისი, 21 მაისი – Sputnik.  საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სამსახურდაკარგული პირებისთვის დახმარების დროულად გაცემის მიზნით, შემოსავლის სამსახურს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის დროულად შეგროვება დაავალა. 

უმუშევრობის დახმარების მიმღებთა სია ფართოვდება: ვინ დაემატა?

გუშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურდაკარგული პირებისთვის სახელმწიფო კომპენსაციების გაცემა მაისის ბოლოს დაიწყება. დღეისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დამსაქმებელი სამსახურის გარეშე დარჩენილ პირთა სიებს წარადგენს.

„მინდა შემოსავლების სამსახურს დავავალო რაც შეიძლება სწაფად შეაგროვოს კომპენსაციების სწრაფი და ეფექტური გაცემისთვის აუცილებელი მონაცემები, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროულად შეძლოს სახელმწიფო დახმარების მიღება. ეს დახმარება ფასეულია,როცა მოქალაქეები მას დროულად იღებენ“, – განაცხადა გახარიამ.

სამსახურის გარეშე დარჩენილთა ყოველთვიური დახმარება 200 ლარს შეადგენს. დამსაქმებელი შემოსავლების სამსახურში გათავისუფლებული თანამშრომლების სიას ყოველი თვის 15 რიცხვში წარადგენს. აღნიშნული პირები დახმარებას ექვსი თვის ვადაში მიიღებენ.

ამ დროისათვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 20 ათასამდე დამსაქმებელმა უკვე წარმოადგინა ინფორმაცია 78 ათასი დასაქმებულის შესახებ, თუმცა, უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.