საქართველოში სოციალური დახმარებისა და კომპენსაციების გაცემა მაისის ბოლოდან დაიწყება

კორონავირუსის შედეგად დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში უწევს დახმარებას.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილთა სოციალური დახმარებისა და  კომპენსაციის გაცემა მაისის ბოლოს დაიწყება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის Facebook–გვერდზე. 

უმუშევრობის დახმარების მიმღებთა სია ფართოვდება: ვინ დაემატა?

კორონავირუსის შედეგად დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში უწევს დახმარებას. იგი სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.

 „მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან, ეტაპობრივად დაიწყება“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. 

ვინ მიიღებს დახმარებას

სახელმწიფოსგან ნახევარი წლის განმავლობაში 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ დეკრეტულ შვებულებაში მყოფი და კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურდაკარგული  და კონტრაქტით დასაქმებული პირები. ამ დროისთვის სულ დარეგისტრირებულია 78 ათასი ადამიანი, რომელთათვისაც გათვალისწინებულია აღნიშნული დახმარება.

ერთჯერად 300–ლარიან დახმარებას მიიღებენ ის თვითდასაქმებულები, რომლებიც შეძლებენ ცნობის წარდგენას, რომ კორონავირუსის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. დღეისთვის აღნიშნული დახმარების მსურველი დაახლოებით 29,6 ადამიანია დარეგისტრირებული.

გარდა ამისა, დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 ათასზე და ნაკლებია 100 ათასზე. აღნიშნულ დახმარებას ნახევარი წლის განმავლობაში 190 ათასი ადამიანი მიიღებს.

ექვსი თვის განმავლობაში დახმარების ოდენობა დამოკიდებული იქნება ოჯახის წევრების რაოდენობაზე:

ოჯახის წევრების რაოდენობადახმარების მოცულობა
170 ლარი
290 ლარი
3105 ლარი
4140 ლარი
5175 ლარი
6210 ლარი
7245 ლარი
8280ლარი
9315 ლარი
10385 ლარი

რაც შეეხება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 ათას სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ სამი ან სამზე მეტი შვილი, 100 ლარის ოდენობის კომპენსაციას  ექვსი თვის განმავლობაში  მიიღებენ – სულ 130 ათასი ოჯახი.

დახმარებას მიიღებენ ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები, რომლებიც ნახევარი წლის განმავლობაში 100 ლარის ოდენობით შემწეობას მიიღებენ – დაახლოებით 40 ათასი ადამიანი.