საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების თითქმის 17% უსიმპტომოა

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობას, იგი დადასტურებული შემთხვევების 13%-ს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების თითქმის 17%-ს შეადგენენ პაციენტები, რომელთაც PCR–ტესტირების დროს არანაირი სიმპტომი არ ჰქონიათ. ასეთი შედეგი აჩვენა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ „საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა“.

კვლევა მოიცავს პერიოდს კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან – 26 თებერვლიდან 11 მაისამდე. 

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ზუგდიდსა და ბოლნისს უკავშირდება

500 შემთხვევიდან PCR–ტესტირების დროს 83 პაციენტი (16,6%) უსიმპტომო იყო. ერთზე მეტი სიმპტომი აღინიშნა პაციენტების 57,6%-ში.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი – შიდა ქართლსა და იმერეთში. თბილისს, აჭარას, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს შუალედური პოზიცია უკავიათ.

რაც შეეხება ინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობას, იგი დადასტურებული შემთხვევების 13%-ს შეადგენს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი 707 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 456, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე, გარდაიცვალა 12. კარანტინში იმყოფება 3914 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 340 პაციენტია.