ქურდული გარჩევები და ფული „ქურდული ობშიაკისთვის“: საქართველოში 13 პირი დააკავეს

დაკავებულებს, რომელთაგან ოთხი წარსულში ნასამართლევია, 3-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს სამ რაიონში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. 

შსს-მ ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავა - საქმეში ლავასოღლის გარემოცვა ფიგურირებს

როგორც ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, „ქურდული სამყაროს“ წევრების დაკავების ოპერაცია იმერეთში, შიდა ქართლსა და აჭარაში ერთდროულად ჩატარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა 2020 წლის მარტში ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომლის ვინაობაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საჯაროვდება, მოტყუებით მიიყვანეს წინასწარ ნაქირავებ ბინაში.

შემდეგ ისინი ტელეფონით დაუკავშირდნენ უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილებითაც, გათავისუფლების სანაცვლოდ ბიზნესმენს 7,5 ათასი აშშ დოლარი გამოსძალეს. გარდა ამისა, მას ორი თვის განმავლობაში 50 ათასი აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს. 

„ქურდული შეკრება“ ჭიათურაში: სამი დაკავებულიდან ერთ-ერთი ინსპექტორ-გამომძიებელია

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულთაგან სამი პირი 2020 წლის მარტსა და აპრილში ავტომობილების გაყიდვის სადავო საკითხთან დაკავშირებით „ქურდულ გარჩევებში“ მონაწილეობდა, რომლებმაც მხარეებს „ქურდულ ობშიაკში“ გარკვეული თანხის ჩარიცხვა დაავალეს.

13 დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო სამი ძვირადღირებული ავტომობილი, 16 ათასი დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლებით – „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა", „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა", „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „ძალადობა“.

დაკავებულებს, რომელთაგან ოთხი წარსულში ნასამართლევია, 3-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.