COVID-19 - ბოლო ცნობები

ტრამპმა ჯანმოს დირექტორს ულტიმატუმი წაუყენა: ვადა - 30 დღე

დონალდ ტრამპის წერილში ნათქვამია, რომ ჯანმოსა და მისი დირექტორის სისტემატური შეცდომები მსოფლიოს ძალიან ძვირი დაუჯდა.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ვაშინგტონი სრულად შეწყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას და გადახედავს წევრობის საკითხს, თუ ორგანიზაცია 30 დღის განმავლობაში არ ჩაატარებს რეფორმებს, რომლებსაც აშშ მოითხოვს, ნათქვამია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილში ჯანმოს გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსისადმი.

​ამერიკის ლიდერის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ გამოიძია ჯანმოს „წარუმატებელი რეაგირება“ კორონავირუსის პანდემიაზე.

„ამ შემოწმებამ დაადასტურა ბევრი სერიოზული საფრთხე, რომლებსაც მე ვასახელებდი ბოლო თვეში, და ასევე გამოავლინა სხვებიც, რომლებზე რეაგირებაც ჯანმოს უნდა მოეხდინა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ორგანიზაციის დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ“, — ნათქვამია ტრამპის წერილში.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯანმოსგან ორგანიზაციის „მნიშვნელოვან გაუმჯობესებას“, უპირველესად, სწორედ ჩინეთისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს. 

„ჩვენ ყველაზე მეტს ვიხდით“: ტრამპი მალე გადაწყვეტს „ჩინეთის მარიონეტის“ საკითხს

„ნათელია, რომ თქვენი სისტემატური შეცდომები და ორგანიზაციის შეცდომები პანდემიაზე რეაგირების კუთხით მსოფლიოს ძალიან ძვირი დაუჯდა“, — ხაზგასმულია ტრამპის წერილში.

ამასთან აშშ-ის ლიდერი აღნიშნავს, რომ უკვე დაიწყო ჯანმოსთან ორგანიზაციის რეფორმირებაზე მსჯელობა.

დონალდ ტრამპმა აპრილში განაცხადა, რომ აჩერებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას, რომელსაც კორონავირუსის აფეთქებაზე არასაკმარისად ოპერატიულ რეაგირებაში და ასევე საზოგადოების დაგვიანებით ინფორმირებაში ადანაშაულებდა.